საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვებში პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "რეზონანსს" განუცხადეს, პირველ განხილვას გიორგი მარგველაშვილი შეხვედრის გამო ვერ დაესწრო, მომდევნოს კი აუცილებლად დაესწრება.
"კონსტიტუციის საჯარო განხილვებში პრეზიდენტი აუცილებად მიიღებს მონაწილეობას. მან პირველ განხილვაზე შეხვედრის გამო ვერ მოახერხა დასწრება. როგორც იცით, ჩამოსულია იოჰანეს ჰანი და ამჯერად ეს ამიტომ ვერ მოხერხდა. შემდეგ განხილვაში პრეზიდენტი უკვე მიიღებს მონაწილეობას", -აცხადებს პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ეკა მიშველაძე.
მისივე განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პარლამენტის ვიცე-სპიკერს უკვე შეხვდა და დეტალებიც შეათანხმეს.
"ჩვენი ადმინისტრაციის უფროსი შეხვდა პარლამენტის ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს და შესაბამისად, ამის შესახებ ყველაფერი შეთანხმებულია" , - აცხადებს ეკა მიშველაძე.