გვანცა ღვედაშვილი
05.05.2017

 "ახმეტელის თეატრის" მეტროსთან გარემოვაჭრეთა ნაწილი ისვე გამოჩნდა. საღამოს 10 საათისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 15-მდე გარემოვაჭრე იყო გამოსული.

როგორც მერიაში აცხადებენ, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა, ტერიტორია დაახლოებით ერთ საათში გაათავისუფლეს. მათივე თქმით, ვინაიდან, "ახმეტელის" მეტროსთან, გარე მოვაჭრეებისგან რამდენიმე წერტილი გათავისუფლდა, შესაძლოა, უშუალოდ მეტროს მიმდებარე ტერიტორია გარკვეული ხნის განმავლობაში ზედამხედველობის მეთვალყურეობის ქვეშ არ იყო, რითაც გარემოვაჭრეებმა ისარგებლეს.

"ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დილის 8 საათიდან გადიან ტერიტორიებზე და გვიან ღამემდე დადიან მონიტორინგზე, რომ გარე მოვაჭრეები აღარ გამოვიდნე.

"მერიის პოზიცია არის შემდგომი - გარემოვაჭრეებს აღარ მიეცემათ საშუალება გათავისუფლებულ ტერიტორიებზე თავიდან გამოვიდნენ. ამის საპირწონედ გარემოვაჭრეებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ყველა ბაზარი თუ ბაზრობა, რომელიც თბილისშია. ამასთან, 6 თვის განმავლობაშიმათ საშუალება აქვთ საიჯარო გადასახადი არ გადაიხადონ და კონკურენტუნარიან პირობებში გააგრძელონ საქმიანობა", - აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ გარე მოვაჭრეობისგან თბილისის გათავისუფლება 19 მარტს, "მარჯანიშვილის" მეტროდან დაიწყო. ამჟამად გათავისუფლებულია, ბარათაშვილის ქუჩისა და კოლმეურნების მიმდებარე ტერიტორია, "დინამო" და მისი პარალელური ქუჩები, სადგურის მოედანი, თევდორე მღვდლის ქუჩა, აბასთუმნის ქუჩა, "დელისის" მიმდებარე ტერიტორია, "ახმეტელის თეატრის" მეტროსა და "ვარკეთილის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიები.

დარჩენილია ე.წ. ნავთლუხის ბაზრის ტერიტორია და შიდა უბნები, რომელთა გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლება, მერიის განცხადებით, ეტაპობრივად მოხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×