სამოქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლენიანი მმართველი გუნდის 8 წევრს: თეა წულიკიანს, ეკა ბესელიას, არჩილ თალაკვაძეს, მამუკა მდინარაძეს, ზვიად ძიძიგურს, ლევან გოგიჩაიშვილსა და ნიკოლოზ მჟავანაძეს უჩივის.
ახვლედიანის თქმით, საქმე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მის მიმართ ღირსების შემლახავ და ცილისმწამელბურ განცხადებებს ეხება, რომელიც სამი თვის წინ გააკეთეს.
"თითქოს ოფშორულ ზონებში მაქვს ანგარიშები, უკანონოდ დაგროვილი ქონება, რომლის თაობაზეც საუბრობენ ეს პოლიტიკოსები. რაც კი გავიდა საინფორმაციო სშუალებებში და ტელევიზიებში, დავურთე როგორც მტკიცებულება", - განაცხადა მამუკა ახლვედიანმა.
როგორც ახვლედიანი აცხადებს, მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა და თითოეულისგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით ბოდიშის მოხდასა და 10.000 ლარს მოითხოვს.
"თანხა გამოყენებული იქნება სტუდენტებისთვის, რომ იყოს სხვადასხვა ტრენინგი და რომ გაიზარდონ ნორმალური იურისტები ამ ქვეყანაში," - აცხადებს მამუკა ახვლედიანი.
უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ "მსგავს არასერიოზულ თემაზე" სასაუბროდ არ სცალია და ვერც კომენტარს გააკეთებს.
"ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მსგავს არასერიოზულ თემაზე სასაუბროდ არ მცალია და არც კომენატრის გაკეთების სურვილი მაქვს", - განაცხადა ბესელიამ.