განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით 3 სკოლის დირექტორი გათავისუფლდა თანამდებობიდან, 4-ს კი გაფრთხილება ჰიგიენის ნორმების დაცვასთან დაკავშირებით მიეცა.
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონიტორინგის სამსახურისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების შედეგად, რიგ სკოლებში სხვა დარღვევებთან ერთად, გამოვლინდა სველი წერტილების, კერძოდ, საპირფარეშოს ჰიგიენის პრობლემები.
“შედეგად, გათავისუფლდნენ: თბილისის 151-ე, 23-ე და სამტრედიის მეოთხე სკოლის დირექტორები.
“საპირფარეშოების ჰიგიენასთან დაკავშირებით, გაფრთხილება მიეცა მარნეულის მე-3, მარნეულის სოფელ ჯანდარისა და სოფელ წერეთლის სკოლებს. ასევე ყაზბეგის სოფელ – არსის სკოლას”, - აცხადებს განათლების სამინისტრო.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის 151-ე და 23-ე საჯარო სკოლების ყოფილმა დირექტორებმა, ზაზა ადამაშვილმა და ნინო ნაბახტეველმა “რეზონანსთან” კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
როგორც თბილისის 151-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე და ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი, დიანა ჩხაიძე, აცხადებს, ყოფილი დირექტორი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.
მისივე თქმით, შესაძლოა, ზაზა ადამაშვილს გარკვეული სახის პირადი გაფრთხილება ჰქონოდა მიღებული, თუმცა ეს არც მისთვის და არც სამეურვეო საბჭოსთვის ცნობილი არ არის.
თბილისის 23-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის, მაია მენაბდიშვილის, განცხადებით კი მისთვის დირექტორის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი უცნობია.