მომავალი კვირიდან ბაზარზე ბენზინი დაახლოებით 5-10 თეთრით გაიაფდება. საფასო ცვლილებაზე გადამწყვეტ გავლენას საწვავის საერთაშორისო ფასი მოახდენს. აპრილიდან მოყოლებული, უცხოურ ბაზრებზე ნავთობი დაახლოებით 13%-ით არის გაიაფებული, რითაც ის ბოლო 5 თვის მინიმუმს მიუახლოვდა. ქართველი იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ გაიაფების ტენდენცია შენარჩუნდება და უკვე მომავალი კვირიდან საქართველოს საცალო ქსელში ფასი დაბლა წავა.
გაიაფების ტენდენცია განსაკუთრებით აპრილის მეორე ნახევრიდან გამოიკვეთა. უკვე 4 მაისს ფასი მკვეთრად დაეცა, ვარდნა მომდევნო დღესაც გაგრძელდა. ინვესტორები შიშობენ, რომ ბაზარზე ჭარბი მიწოდება ნარჩუნდება, მიუხედავად ოპეკის და მისი მოკავშირეების მცდელობისა, მოპოვება შეამცირონ. ისინი ნავთობკარტელის სტრატეგიის წარუმატებლობაზე საუბრობენ და შეთანხმების ხანგრძლივი ვადით გაგრძელების აუცილებლობაზე მიუთითებენ.
პარასკევს, დილიდანვე "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი 47,43 დოლარის ნიშნულამდე დაეცა, მოგვიანებით პოზიცია უმნიშვნელოდ გაიმყარა და მთელი დღე 1 ბარელის ფასი 48-49 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამ დროს ამერიკული "ლაითის" ტიპის ნავთობის ფასი კი 44 დოლარამდე ჩამოვიდა.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ფასის კლების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ აშშ-ში სულ უფრო იზრდება ნვთობის მარაგი. პარალელურად, შეერთებულ შტატებში ნავთობის დღიური მოპოვება ბოლო ერთ წელიწადში 10 პროცენტით, 9.3 მილიონ ბარელამდე არის გაზრდილი. ეს კი დაახლოებით იმდენივეა, რამდენსაც მსოფლიოს ძირითადი მომპოვებლები - საუდის არაბეთი და რუსეთი - მოიპოვებენ.
წლის დასაწყისიდან "ბრენტის" და "ლაითის" ფასი 17 პროცენტით არის შემცირებული. რაც შეეხება საწვავის ადგილობრივ ბაზარს, გაიაფება აქაც აშკარაა. 4 მაისის მონაცემებით, "პლატცის" ფასი 1 ტონა ბენზინზე 493,5 დოლარს შეადგენს, ხოლო დიზელი 427 დოლარი ღირს.
კომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე განმარტავს, რომ ნავთობის ფასის მიმდინარე შემცირება განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, რაც პირდაპირ კავშირშია მსოფლიოში ყველაზე დიდ ნავთობმომხმარებელ ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან. აშშ მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მომხმარებელი და მწარმოებელი ქვეყანაა. როდესაც მცირდება იმპორტზე დამოკიდებულება, თავისთავად მწარმოებლები იძულებულნი ხდებიან, ნავთობპროდუქტები სხვა ბაზრებს მიაწოდონ.
"ძირითადი მომენტი, რამაც უცხოურ ბაზრებზე ფასზე გავლენა მოახდინა, ამერიკის ფაქტორია. ქვეყანამ გაზარდა მარაგი და ამან ბაზარზე სიტუაცია არსებითად შეცვალა. შეიძლება ითქვას, კარგი ტენდენციაა და ეს აუცილებლად საქართველოზეც იქონიებს გავლენას. გაიაფებას უნდა ველოდოთ, რაც ინტენსიურად 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. "პლატცი" დღეს უკვე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ბოლო კვირების განმავლობაში.
ვფიქრობ, ტენდენცია შენარჩუნდება, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ საწვავი ადგილობრივ ბაზარზეც გაიაფდეს. ჩემი აზრით, საფასო ცვლილება 5-10 თეთრის ფარგლებში მოხდება", - განმარტავს იაკობიძე.
სავარაუდოდ, ცვლილება არაბრენდირებულებიდან დაიწყება და ამის შემდეგ ფასს მსხვილი კომპანიებიც შეამცირებენ. როგორც იმპორტიორები განმარტავენ, ლარის კურსი საწვავის ფასის კლების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. ვალუტის კურსის გარდა, საწვავის ღირებულებას სხვა ბევრი ფაქტორიც განსაზღვრავს.
უცხოელი ანალიტიკოსების ცნობით, კვლავ გაურკვეველი რჩება, გაგრძელდება თუ არა "ოპეკის" და ორგანიზაციის არაწევრი ნავთობმომპოვებელი ქვეყნების შეთანხმება ნავთობის მიწოდების შეკვეცის თაობაზე. საუდის არაბეთმა და რუსეთმა პაქტის გაგრძელების სურვილი უკვე გამოთქვეს, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის.
ხუთშაბათს საუდის არაბეთის წარმომადგენელმა ადიბ ალ-აამამ "როიტერთან" საუბრისას განაცხადა, რომ "ოპეკის" წევრი და არაწევრი ქვეყნები მზად არიან, ნავთობის მიწოდების შეზღუდვის პაქტი გააგრძელონ. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, რამდენი ხნით გაგრძელდება პაქტი, რომლის მიზანიც მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღდგენაა. გამორიცხული არ არის, შეთანხმება საერთოდაც ვერ შედგეს.