რატომ დახურეს დეკანოზ მამალაძის სასამართლო პროცესი - პროკურატურის არგუმენტები
გვანცა ღვედაშვილი
06.05.2017

 "დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს საქმე დაიხურებოდა, რადგან მგონია, რომ მამა გიორგიზე ზემოქმედება მიდიოდა, რათა მას ბრალი ეღიარებინა", - აღნიშნული შეფასება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა "რეზონანსთან" ე.წ. ციანიდის საქმის სხდომის დახურვასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში ძალიან ცუდად თამაშობს ხელისუფლება და ამ ეტაპზე დეკანოზის ბრალეულობაზე მეტად სწორედ ხელისუფლებისა და პროკურატურის დამნაშავეობა ჩანს.

ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლე ბადრი შონიამ სხდომის დახურვის შესახებ ბრალდების მხარის მოთხოვნა და არგუმენტები გაითვალისწინა, რაც დეკანოზის ადვოკატებმა ბრალდებულის უფლებების დარღვევად შეაფასეს.

სხდომის დახურვის მოთხოვნის ერთ-ერთი არგუმენტი საქმეში არსებული ის ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები გახდა, რომელშიც, მოსამართლის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ფიგურირებენ, ღია სხდომის შემთხვევაში კი მათი ვინაობა გამჟღავნება, რაც მათი თავისუფლების ხელყოფას ნიშნავს.

მორიგ არგუმენტად საქმის მონაწილეების რელიგიური მრწამსი დასახელდა. ბადრი შონიას თქმით, ღია სასამართლომ, შესაძლოა, საზოგადოებაში სასულიერო პირების მიმართ არასწორი წარმოდგენა შექმნას, რასაც საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა არ ეთანხმება და აცხადებს, რომ სხდომის საჯაროობა საპატრიარქოს იმიჯს საფრთხის ქვეშ არ აყენებს.

პროკურატურის არგუმენტი ე.წ. ციანიდის საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის განაცხადება იყო, რომ საქმის ერთ-ერთ მოწმეზე სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით განხორციელდა რელიგიური შინაარსის მუქარა.

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ასევე აღნიშნა, რომ მთავარი მოტივი და არგუმენტი იყო პროცესის მონაწილე პირთა უსაფრთხოება და გამოძიების ინტერესები, ვინაიდან საქმეზე ძიება სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით კვლავ გრძელდება.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, თანამზრახველებად პროკურატურამ, შესაძლოა, ის პირები გამოიყვანოს, რომლებიც ამბობენ, რომ დეკანოზი უდანაშაულოა.

"პროკურატურა, რომელიც მამა გიორგის უთვალთვალებდა და ციანიდის შეძენის ფაქტი ვერ აღბეჭდა, რა თანამზრახველებზე უნდა გავიდეს?! შესაძლოა, თანამზრახველები გახდნენ პირები, რომლებიც მამა გიორგიზე ამბობენ, რომ უდანაშაულოა. შესაძლებელია, პროკურატურა აშანტაჟებდეს გარკვეულ ადამიანებს, რომ მამა გიორგის არ დაეხმარონ", - აცხადებს ხატიაშვილი.

სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბრალდებულის უფლებების დარღვევად აფასებს დაცვის მხარე. ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურისა და მოსამართლის განცხადებები არ იყო არგუმენტებული.

თავად ბრალდებული დეკანოზი სხდომის საჯაროობას ითხოვს და აცხადებს, რომ მას დასამალი არაფერი აქვს.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ბინძური თამაში წამოიწყო, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციას ახდენს. მისი თქმით, საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.

"დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს საქმე დაიხურებოდა, რადგან მგონია, რომ, სავარაუდოდ, დეკანოზ მამა გიორგიზე ზემოქმედება მიდიოდა, რათა მას ბრალი ეღიარებინა. მინდა ვთქვა, რომ ვისი მკვლელობაც უნდა იგეგმებოდეს, ეს ძალიან ცუდია. მე მორწმუნე ადამიანი ვარ და ძალიან ცუდად მხვდება ფაქტი, რომ სასულიერო პირს თავში ადამიანის მოკვლა მოუვიდეს. მაგრამ ხელისუფლება პირველივე დღეებიდან იმდენად თამაშობდა, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გამიჩნდა.

"პროკურატურამ ადვოკატებს საქმე დაუხურა. უთხრა, რომ გახმაურების შემთხვევაში მათ პასუხისმგებლობაში მისცემდა და თავად პროკურორი განცხადებებით გამოდიოდა. ისინი ამბობდნენ, რომ მაღალი სასულიერო პირის მკვლელობა იგეგმებოდა მაშინ, როცა სახალხო დამცველმა თქვა, რომ ბრალში არაფერი ეწერა. სამი დღის შემდეგ კი განაცხადეს, რომ მაღალი სასულიერო პირის მკვლელობა კი არა, არამედ სხვა პირის მკვლელობა იგეგმებოდა. გამოდის, რომ ხელისუფლებამ უბინძურესი თამაში ითამაშა, რომლის შესახებაც ჩვენ რამდენიმე თვის თუ წლის შემდეგ გავიგებდით.

"როგორ შეიძლებოდა ამ საქმის დახურვა იმ მოტივით, რომ საზოგადოებისთვის რაღაცები არ გამხდარიყო ცნობილი, როცა თავად პროკურატურამ ვიდეოკადრები გაასაჯაროვა?! პროკურატურას როცა მოუნდება, რასაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ ადვოკატებს ყველანაირი საშუალება მოუსპეს, რომ ადამიანი დაიცვან.

"პროკურატურამ ტელევიზიების საშუალებით გაასაჯაროვა ის მტკიცებულებები, რომელიც მათთვის ხელსაყრელი იყო, არა მთლიანი წინადადებები, არამედ ამოჭრილი ფრაზები, რათა ეთქვათ, რომ ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთო. პროკურატურის ნორმალურად გამოძიებული საქმე გინახავთ?! რაღა მამა გიორგის საქმე უნდა გამოიძიონ.

"ასე აკეთებდნენ სააკაშვილის რეჟიმის დროს. ესენი ამ ყველაფერს უფრო ბინძურად აკეთებენ. ისინი ეკლესიას მაინც არ ეხებოდნენ. ეს ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის დისკრედიტაციაა", - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი და აქვე აღნიშნავს, რომ მომავალში, შესაძლოა, დამტკიცდეს და დაიჯეროს მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობა, თუმცა ამ ეტაპზე პროკურატურისა და ხელისუფლების დანაშულს უფრო ხედავს, ვიდრე დეკანოზისას.

"ჩემთვის მიუღებელია დეკანოზის ჟარგონული საუბარი. ჩემი აზრით, ასეთ ადამიანს ანაფორა არ უნდა ეცვას. მაგრამ ადამიანი დაადანაშაულო, რომ მას ვიღაცის მოკვლა უნდოდა, პროცესი დახურო და თავის მართლების საშუალება არ მისცე, არ შეიძლება.

"არ გამოვრიცხავ, რომ დეკანოზის დანაშაული მომავალში მეც დავიჯერო, მაგრამ ამ ეტაპზე რა მტკიცებულებებიც არის, შემიძლია ვთქვა, რომ ის უფრო უდანაშაულოა, ვიდრე დამნაშავე.

"მე კვირიკაშვილივით ნიჭიერი არ ვარ, რომ წინასწარ ვიმსჯელო ადამიანის დამნაშავეობაზე. ჩვენ გვახსოვს მისი განცხადებები, როცა გამოვიდა და ლამის სასჯელი შეუფარდა ადამიანს. მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას. შესაძლოა, მან მართლაც ჩაიდინა დანაშაული, თუმცა ამ ეტაპზე პროკურატურისა და სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი დანაშაული უფრო იკვეთება. მათ დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, მთავარმა პროკურორმა კი საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×