რაჭაში კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვა მიმდინარეობს. მოქალაქეები ამბროლაურის კულტურის ცენტრში შეიკრიბნენ. მოსახლოებას დაგეგმილ ცვლილებებზე მხოლოდ მმართველი გუნდი ესაუბრება, შეხვედრას „ევროპული საქართველო" არ ესწრება. პარტიაში განაცხადეს,რომ მათი წარმომადგენლები მივლინებაში არიან და სახალხო განხილვაში ხვალიდან კვლავ ჩაერთვებიან.
„დღევანდელ კონსტიტუციაში არის სერიოზული ხარვეზები, არ არის ჩამოყალიბებული დახვეწილი მმართველობის სისტემა და ამაზე საუბრობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც. ისინი ამბობენ, რომ საჭიროა შემდგომი ცვლილებები, რათა მმართველობის ფორმა გაუმჯობესდეს" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.
რაჭის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ყველაზე მეტად პრეზიდენტის არჩევის წესით დაინტერესდებიან. ისინი ასევე გეგმავენ, რომ შეკითხვები დასვან მთის განვითარებასთან დაკავშირებითაც.
კონსტიტუციის სახალხო განხილვა გუშინ ქუთაისიდან დაიწყო.საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება.
საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომები 11 დღის განმავლობაში სხვადასხვა დიდ ქალაქში ჩატარდება და 15 მაისს თბილისში დასრულდება. მაისის ბოლოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მსჯელობა პარლამენტში განახლდება.