საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საარჩევნო კომისიის სპეციალურმა სამსახურმა პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბზე ჰაკერული თავდასხმის გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „Washington post"-ი ავრცელებს.
კიბერთავდასხმას თავად კანდიდატმა მაკრონმა „მასობრივი და კოორდინირებული პირატული ქმედება" უწოდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანონიმურმა პირმა, გუშინ ადგილობრივი დროით 22:00 საათზე, 9 გიგაბაიტის მოცულობის მასალა, ვებგვერდ „Pastebin.com"-ზე, „EMLEAKS" -ის სახელით ატვირთა.
მასალა ცენტრისტი კანდიდატის ელექტრონული ფოსტის მიმოწერასა და ცრუ ინფორმაციას შეიცავს, რის გამოც საფრანგეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია მოქალაქეებს მოუწოდებს, სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გაზიარებისგან თავი შეიკავონ.