საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის ფედერაციის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე აპირებს ჟენევის ფორმატში დისკუსიების გაგრძელების საკითხს გადახედოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების გამო გაავრცელა.
„ასეთ სიტუაციაში სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ჟენევის შეხვედრების ამჟამინდელ ფორმატში გაგრძელებაზე" , - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი აცდენილია საერთაშორისო სამართლებრივ პროცესს. თუმცა, ამის მიუხედავად საქართველო საერთაშორისო ფორმატში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზადაა.
„რუსეთის ფედერაცია დაშორებულია საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას, საერთაშორისო სამართალს, ნორმებს და პრინციპებს.ჩვენი მონაწილეობა ჟენევის პროცესში ემსახურება კონსტრუქციულ მიდგომას, კონფლიქტის დარეგულირებას საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით. შესაბამისად, ჩვენ გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომ ამ კონფლიქტის დარეგულირება მოხდეს " , - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
4 მაისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, წევრმა ქვეყნებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გადაწყვეტილებით ყურადღება გამახვილდა რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე და პირველად დაფიქსირდა, რომ კონფლიქტი არის რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის.