ბელგიური გამოცემა „Le Sour"-ის ცნობით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ზღვისიქითა დეპარტამენტებში პარტია „წინ"-ის ლიდერი, ემანუელ მაკრონი ლიდერობს.
საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი საფრანგეთის მეტროპოლიიდან დაშორებით მდებარეობს, მათ აქვთ იგივე პოლიტიკური სტატუსი, რაც მეტროპოლიის დეპარტამენტებს.
გარდა ამისა, ემანუელ მაკრონის სასარგებლოდ ყველაზე მკაფიო ტენდენცია ჩრდილოეთ ამერიკაში დაფიქსირდა. გამოცემის ინფორმაციით, ნიუ-იორკში ემანუელ მაკრონს ხმა 94.7%-მა მისცა, ხოლო ლე პენს - 5.3%-მა, ჩიკაგოში ხმა მაკრონს ამომრჩეველთა 92% -მა მისცა, ხოლო ლე პენს - 8%-მა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო ეტაპი დაიწყო. ამომრჩევლებმა ხმა ორ დარჩენილ კანდიდატს უნდა მისცენ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნები დილის 8:00 საათზე გაიხნა, სულ 67 ათასი საარჩევნო უბანია.
არჩევანი სულ 45.7 მილიონმა ადამიანმა უნდა გააკეთოს. ოფიციალური შედეგები კი 11 მაისს გამოცხადდება.