"ოცნება": "ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ დასწრება უნდოდა და ვერ დაესწრო"
გვანცა ღვედაშვილი
08.05.2017

 კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვა უკვე მეოთხე დღეა, მიმდინარეობს. ამ დროისთვის შეხვედრები უკვე ჩატარდა ქუთაისში, ამბროლაურსა და ჩოხატაურში.

აღსანიშნავია, რომ სახალხო განხილვის მოსამზადებლად შეიქმნა საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელიც 9 წევრისგან შედგება. როგორც ამ კომისიის წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელი ეკა გიგაური "მთელ კვირასთან" აღნიშნავს, კომისიის წევრებს დაგეგმილ საორგანიზაციო საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღიათ და კომისიას არც ერთი შეხვედრა არ დაუგეგმავს.

"საორგანიზაციო კომისას აბსოლუტურად ფორმალური ფუნქცია აქვს. ამ კომისიის მიზანია ამ განხილვაზე დასწრება, რომ რაღაც შემადგენლობა შეიკრიბოს. ამ საორგანიზაციო კომისიას არ დაუგეგმავს არც ერთი შეხვედრა. არც ის განგვიხილავს, სად უნდა ყოფილიყო ეს შეხვედრები - თელავში, ქუთაისში თუ სხვაგან და არც ცელკე შეხვედრა არ გვქონია.

"ამას აკეთებს საკონსტიტუციო კომისიის რაღაც საორგანიზაციო ჯგუფი პარლამენტში, რომლის წევრებიც, არ ვიცი, ვინ არიან. ჩვენი კომისიის მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ სახალხო განხილვაში წარმოდგენილი იყოს საპარლამენტო უმრავლესობა, უმცირესობა, ექსპერტები და არასამთავრობოები. რომელ ქალაქში, რომელ საათზე და საზოგადოების რომელ ჯფუფთან იქნება შეხვედრა, ამას პარლამენტი ადგენს", - განაცხადა გიგაურმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სახალხო განხილვა არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით მოეწყო და ეს საკითხი დიდ შეთანხმებასა და კონსულტაციებს არ საჭიროებდა.

 "რეგიონების შერჩევისას გამოვიყენეთ არსებული პრაქტიკა - ისეთივე პრინციპით ხდება ახლაც სახალხო განხილვის ჩატარება, როგორითაც აქამდეც ჩატარებულა. ამიტომ ამას დიდი გადაწყვეტა არ სჭირდებოდა.

"აღებული იყო რეგიონული პრინციპი, რათა საყოველთაო სახალხო განხილვას მთელი საქართველო მოეცვა. ეს მარტივი ამბავია და დიდი მსჯელობა ამას არ სჭირდებოდა", - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, სახალხო განხილვაში მონაწილეობისთვის ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის შერჩევა არ ხდება. ინფორმაცია ვრცელდება და შეხვედრაში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

"ინფორმაცია ვრცელდება სოციალური ქსელებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მიერ. შესაბამისად, ვისაც სურვილი აქვს - მოდის. არავინ მოგვყავს სპეციალურად.

"მაგალითად, ქუთაისში ადამიანების ნაწილი ვერ შემოდიოდა ადგილების სიმცირის გამო, ამიტომ ჩვენ ჩვენდა საუბედუროდ მოვიქეცით - ჩვენი მომხრეების ნაწილს ვთხოვეთ, არ შემოსულიყვნენ, რათა განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს ჰქონოდათ დასწრების საშუალება.

"საბოლოოდ აბსოლუტურად ყველა მათგანი დაესწრო განხილვას და უკმაყოფილება არავის გამოუხატავს. ყველა შემოვიდა, ფეხზე იდგნენ მსურველები და ისე ისმენდნენ იმ ცვლილებებს, რომლის შეტანაც კონსტიტუციაშია დაგეგმილი.

"ასე რომ, ამ მიმართულებით პრობლემა არ არსებობს, ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ დასწრება უნდოდა და ვერ დაესწრო", - განაცხადა მდინარაძემ

"ევროპული საქართველოს" ლიდერები კი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვის პროცესს ფორმალურს უწოდებენ. მათი თქმით, მმართველი გუნდი შეხვედრებს მოსახლეობის იმ ნაწილთან მართავს, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის - ირაკლი აბესაძის განცხადებით, ძირითადად ესწრებიან ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებული ადამიანები.

"კარგად ვხედავთ, რომ რეალურად არ ხდება განხილვა და მობილიზებულია ძირითადად "ქართული ოცნების" გულშემატკივარი. "ევროპული საქართველო" აგრძელებს ხელმოწერების შეგროვებას, რათა დაინიშნოს პლებისციტი და რეალურად მოხდეს ხალხის აზრის გათვალისწინება," - განაცხადა აბესაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×