გარემოვაჭრეებისთვის ჩამორთმეული საქონელი განადგურდება, გადაეცემა სოციალურად დაუცველებს ან აუქციონზე გაიყიდება - აღნიშნული რეგულაცია თბილისის საკრებულომ, დღეს დაამტკიცა და ხვალიდან ამოქმედდება.
გარევაჭრობის აღკვეთისას, საქონლის კონფისკაციის წესის დაამტკიცების საკითხის დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა. ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სევდია უგრეხელიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ საკრებულომ ჯერ გარევაჭრობის რეგულირების წესი უნდა მიიღოს და ქონების კონფისკაციის წესი შემდგომ დამტკიცდეს.
საკითხი სხდომაზე თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა ნელი ღვინეფაძემ გაიტანა. მისი თქმით, დაახლოებით 10 დღეში თბილისის საკრებულოში შევა გარევაჭრობის რეგულირების წესი, მანამდე კონფისკაციის წესის დამტკიცება კი ამ პროცესს ხელს არ შეუშლის.
როგორც საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძემ “რეზონანსთან” გარევაჭრობის რეგულირებთან დაკავშირებით განაცხადა, ჯერჯერობით უცნობია, რა სახის და როგორი შეზღუდვები დაწესდება.
“დოკუმენტზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს და კონკრეტული ინფორმაცია, ცნობილი, მუშაობის დასრულების შემდგომ გახდება”, - გვითხრა ტყემალაძემ.