ნინო ქეთელაური
09.05.2017

 რამდენიმე გარემოვაჭრე მეტრო "სამგორის" ჩასასვლელთან გვიან ღამით ისევ გამოჩნდა. როგორც ისინი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, სოფლიდან ჩამოტანილი ხილი და ბოსტნეული აქვთ, რომელსაც ისედაც დაბალ ფასში ყიდიან და ბაზრის გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებმა გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციები "სამგორის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდანაც ორშაბათს აიღეს. მთლიანად მოირეცხა მეველის ქუჩა, ტროტუარები და ნავთლუღის ბაზრის ტერიტორია.

,,უნებართვო გარევაჭრობის აღსაკვეთად ღონისძიებები გრძელდება. უახლოეს პერიოდში კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აქ გზისა და ტროტუარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა.

გარემოვაჭრეები "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ბაზარში არც შესაბამისი ადგილებია და ვერც გადასახადების გადახდას შეძლებენ, ადგილმდებარეობით კი მათთვის მოსახერხებელი მხოლოდ ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაა.

"ვაშლს ვყიდი, მეტი არაფერი გამაჩნია, ისედაც ორი კაპიკი მრჩება, ესეც ბაზარში დგომაში გადავიხადო, აბა, რა გამოდის?! წავალ სოფელში და დავჯდები, რაღას ვწვალობ ამდენს?! ჩვენი პატრონი მაინც არავინ არის. რა მნიშვნელობა აქვს, იქ მოვკვდები მშიერი თუ აქ," - უთხრა "რეზონანსს" მოხუცმა, რომელიც გვიან ღამით მეტროს ჩასასვლელში იდგა.

თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეებს ბაზარში საქმიანობის გაგრძელება ექვსი თვის განმავლობაში შეღავათიან ფასებში შეეძლებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×