გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა, რუსთავში მდებარე ქარხნები მიმდინარე წლის განმავლობაში ჰაერის დაბინძურებისთვის ადმინისტრაციული სანქციით 59- ჯერ დააჯარიმა.
ქვემო ქართლის სამმართველოს იურისტის ზვიად ზვიადაურის თქმით, რუსთავში ბოლო მონაცემებით, აზოტის დიოქსიდი და ნახშიროჟანგის მაჩვენებელი ნორმაშია, თუმცა ჰაერში მტვრის რაოდენობა სამჯერ აღემატება დასაშვებ ნიშნულს.
„რუსთავში დგას შესაბამისი ხელსაწყო, რომელიც იღებს სინჯებს, შემდეგ კი ლაბორატორიული კვლევები ტარდება. ბოლო მონაცემებით, მტვრის ნორმა ქალაქში დასაშვებს სამჯერ აღემატება. მსგავსი კვლევები და სინჯების აღება სისტემატურად ხორციელდება. ხდება იმ საწარმოების შემოწმება, რომელსაც გააჩნიათ გაფრქვევის წყაროები და მოეთხოვებათ დოკუმენტაცია - წელს უკვე 59 სამართალდარღვევის ოქმი შედგა" , - აცხადებს ზვიადაური.
გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2017 წელს ჯარიმების ყველაზე დიდი რაოდენობა, 42 შემთხვევა ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის აღრიცხვის შედეგად დაიწერა. თითოეულზე 150 ლარის ოდენობით, რაც საერთო ჯამში 6 300 ლარს შეადგენს.
წელს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევის 4 ფაქტი დაფიქსირდა და თითოეულ შემთხვევაზე ქარხანას ჯარიმა 5 ათასი ლარი დაეკისრა.