ზუგდიდის ახალგაზრდობის ცენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა დასრულდა.
განხილვაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო იმყოფება ძალიან მძიმე ურთიერთობებში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბირთვულ სახელმწფოსთან, მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას არ ეთანხმება: „ვერ ვიტყვი, რომ პრეზიდენტის ერთი არჩევის წესი უფრო დემოკრატიულია, ვიდრე მეორე, მაგრამ ხალხს რომ ართმევ ამ უფლებას, შესაბამისი არგუმენტი უნდა იყოს".
გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს გაუქმების და პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხსაც გამოეხმაურა: „წარმოიდგინეთ, პრემიერმინისტრი პრეზიდენტს ეუბნება, ომი გამოაცხადოს, მაგრამ პრეზიდენტს უფლება არ აქვს იკითხოს, ომს რატომ აცხადებს. პრეზიდენტმა პირდაპირ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს, ომი კითხვის გარეშე უნდა გამოაცხადოს და პარლამენტს გადაუგზავნოს. რა საჭიროა ასეთი მთავარსადლის ფუნქცია, რომელსაც არც ეკითხებიან, ომი გამოსაცხადებელია თუ არა" .
კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო და 11 ქალაქში უნდა წარადგინონ. ბოლო შეხვედრა 15 მაისს თბილისში გაიმართება.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში 1 მაისს დარეგისტრირდა. პროექტს „ქართული ოცნების" 108 დეპუტატი აწერს ხელს. საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 მოწინააღმდეგე). ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.
პროექტის მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი კი განსაზღვრული არ არის.