საპატრიარქოში დიდი უკმაყოფილებაა იმის გამო, რომ წმინდა სინოდის კრებაზე, გაფრთხილების მიუხედავად, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მედიაში ისევ აგრძელებს აქტიურობას და საპატრიარქოსა თუ შორენა თეთრუაშვილის კრიტიკას.
საპატრიარქოში ამბობენ, რომ მეუფე პეტრეს მხრიდან "უსაფუძვლო განცხადებების" კეთება გრძელდება, ეს საქციელი "წარმოუდგენელი მდგომარეობაა მღვდელმთავრისგან", მით უფრო, რომ ის ერთხელ უკვე გაფრთხილებულია. თუმცა მიტროპოლიტ პეტრესთვის პასუხის გაცემა და საერთოდ ამ თემაზე საუბარი, პატრიარქის თხოვნის გამო, საჯაროდ არავის სურს.
"პატრიარქმა გვთხოვა, რომ ნუ ვუპასუხებთ მეუფე პეტრეს და ამაზე საუბარი უნდა შეწყდეს. ამიტომ სანამ პატრიარქის ნება არ იქნება, ჩვენ ამაში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ გვინდა, სიმშვიდე იყოს და არ იყოს დაპირისპირება," - განუცხადა "რეზონანსს" პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
თავად მეუფე პეტრეს მიერ გახმოვანებულ ფაქტებზე, რაც სასულიერო პირების მხრიდან ჩადენილ არცთუ ღირსეულ საქმიანობას ეხებოდა, მათ შორის კორუფციულ გარიგებებსაც კი, თუ დაიწყო შიდა მოკვლევა, ამაზე პროტოპრესვიტერი პასუხობს, რომ მისთვის ეს ცნობილი არ არის.
"პატრიარქისგან ყოველთვის არის მოთხოვნა ძალიან მაღალი მდგომარეობის, პატიოსნების, წესიერების, სიკეთის. ამაში პატრიარქი უშეღავათოა და ყველასგან ამას ითხოვს. დაუშვებელია ის, რომ პატრიარქმა რაიმე უწესობა დაუშვას... ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება. როგორც ვიცი, ამაზე მსჯელობა იყო, მაგრამ კონკრეტულად რა გადაწყვეტილებაა, ეს შეიძლება მეუფე იაკობს ვკითხოთ... შეიძლება, რომელიმე ადამიანი (კონკრეტულად არავის ვგულისხმობ) აშკარა ცილისწამებაზე მიდიოდეს, ხშირად მავანი და მავანი შემჩნეულია არაკეთილსინდისიერებაში და ასეთ შემთხვევაში არავითარი მოკვლევა არ დაიწყება. თუ რაიმე საფუძველი და გონივრული ეჭვი არსებობს, რომ გადაცდომას ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა, ეკლესია ყოველთვის მიმართავს მცდელობას, მაქსიმალურად არავის მისცეს საფუძველი ცილისწამებისა, იმისა, რომ გაურკვევლობაში იყოს საზოგადოება," - დასძენს მამა გიორგი ზვიადაძე.საგულისხმოა ის, რომ 9 მარტს საგანგებოდ შეიკრიბა წმინდა სინოდი, რომელმაც მეუფე პეტრე ცაავას გაფრთხილება მისცა და საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობისგან გაათავისუფლა იმ მიზეზით, რომ ის საჯარო სივრცეში ეკლესიის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ "ცილისმწამებლურ, დაუსაბუთებელ" ბრალდებებს ახმოვანებდა.
თან იქვე გააფრთხილეს, რომ მღვდელმსახურს საჯარო განცხადებები შეეწყვიტა.
თუმცა ბოლო კვირაა, რაც ე.წ. ციანიდის საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა, მეუფე პეტრემ მედიით ისევ არაერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მაგალითად, თქვა, რომ ბრალდებული დეკანოზის უზიარებლობა არის სირცხვილი და ცინიზმი ეკლესიის მიმართ, რომ წმინდა სინოდის მიერ გამოძიებისთვის ნდობის გამოცხადება სამარცხვინოა, პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი ინტრიგებს აგრძელებს და თეთრუაშვილის აზრების გამხოვანებლები არიან საპატრიარქოს იურისტი და ასევე ნანა კაკაბაძე, რომლებიც აცხადებენ, რომ თითქოს არა მარტო თეთრუაშვილის, არამედ მეუფე იაკობისა და მამა დავით ჭინჭარაულის მკვლელობებიც იგეგმებოდა, რაც არის სამარცხვინო რეალობა, რომლისგანაც უნდა გამოვიდეს საპატრიარქო.
მეუფე პეტრეს ამ განცხადებების შემდეგ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში თქვა, რომ მეუფე პეტრეს სინოდმა აუკრძალა სატელევიზიო გამოსვლები, თუმცა ის განცხადებებს აგრძელებს და ამით პირდაპირ უპირისპირდება სინოდს, რაც არის საკმარისი საფუძველი, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სინოდიდან განკვეთონ.
"ლოგიკურად ეს ასე უნდა მოხდეს. აბა, სხვა რაღა შეიძლება იყოს სინოდიდან განკვეთის საფუძველი, თუ არა ის ქმედებები, რასაც მეუფე პეტრე ეწევა. ეს არის დანაშაული ეკლესიის წინააღმდეგ," - განაცხადა კაკაბაძემ.
თეოლოგ ვლადიმერ ნარსიას თქმით, საპატრიარქოს მიტროპოლიტ პეტრეს დასჯის ან მისი გაჩუმების სურვილი აქვს, ეს შიდა წრეებშიც ცნობილია და კაკაბაძის განცხადებიდანაც აშკარაა, თუმცა ამბობს, რომ საპატრიარქოს ეკლესიის კანონები არ აძლევს საშუალებას, მღვდელმთავარი ერთი ხელის მოსმით დასაჯოს.
"საპატრიარქოს დიდ ხანია, სურვილი აქვს, როგორმე დასაჯოს მეუფე პეტრე, მაგრამ ეს მარტივი არ არის. პეტრე ცაავა შეიძლება არ იყოს მხარდაჭერილი უმრავლესობის მიერ, მაგრამ მას ქრისტეს ეკლესიიდან ვერ გარიყავენ, სანამ სამოქალაქო საზოგადოებაში ეკლესიაში არსებული თემების მიმართ ინტერესი შენარჩუნდება.
"წინა სინოდის სხდომაზეც სურდათ მისი მკაცრად დასჯა, მაგრამ თეოლოგებმა საჯაროდ მედიის მეშვეობით უთხრეს საპატრიარქოს, რომ არაკანონიკურად ჩაითვლებოდა, თუ პირველსავე შემთხვევაზე ეპისკოპოსს დასჯიდნენ.
"საეკლესიო კანონების მიხედვით, ეპისკოპოსი ჯერ ორჯერ უნდა გააფრთხილო და მხოლოდ მესამედ შეგიძლია, მას სასჯელი დაუწესო და ეპისკოპოსს შეუზღუდო მღვდელმთავრის უფლება. ამაზე საეკლესიო საზოგადოებასთან ფართო დისკუსი უნდა მოეწყოს და საკმაოდ რთული პროცესია. მკაფიოდ უნდა დაასაბუთო, კონკრეტულად რომელი კანონი დაარღვია და მიზეზები, რის გამოც მას სჯი.
"როდესაც წინა სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე გააფრთხილეს და მოიყვანეს ნორმები, რომლებიც ეპისკოპოსმა შიო მუჯირმა წაიკითხა, იყო სირცხვილი, რადგან ამ ნორმათა შინაარსი აბსოლუტურად აცდენილი იყო კონკრეტული პრობლემის საზრისსა და გადაწყვეტასთან.
"რაც არ უნდა სურდეთ, მეორე გაფრთხილების გარდა ვერაფერს იზამენ, სხვა უფლება ეკლესიას არ აქვს. ეკლესიას თავისი წესი აქვს და თუ ამ წესებს არ დაიცავს საპატრიარქო, როგორც ადრე ყოფილა შემთხვევები, დღეს ხმამაღლა ითქმება, რომ საპატრიარქო ეკლესიის წესების დაცვით არ მოქმედებს და დღეს ასეთ ქმედებას დიდი რეზონანსიც მოჰყვება," - ამბობს ნარსია.
შეიძლება თუ არა ჭყონდიდის მიტროპოლიტს ეპარქია შეუცვალონ და ამით დასაჯონ, მით უფრო, რომ წინა სინოდის სხდომაზე იყო ამაზე საუბარი, ნარსია ამბობს, რომ თუკი მღვდელმთვარი უარს იტყვის სხვა ეპარქიაში გადასვლაზე, ამას დიდი არეულობა და ხმაური მოჰყვება და ასეთ რთულ ჩარევაზე, დიდი ალბათობით, ვერ წავლენ.