რეზონანსი
10.05.2017

 შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის, ბუბა ლომუაშვილის განცხადებით, მართვის მოწმობის აღების მსურველი პირებისთვის უცნობი იქნება ის ქუჩები, რომლებზეც პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მოუწევთ.

„ჩვენ უკვე ჩავატარეთ ძალზედ რთული სამუშაოები, მათ შორის ვნახეთ მსოფლიოში გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკები, თუმცა არ მოგვიხდენია კოპირება. ვეყრდნობით იმ გამოწვევებს, რასაც ჩვენ ვაწყდებით, ეს ჩვენებურად დავამუშავეთ, ავარჩიეთ შესაბამისი ქუჩები, როგორც თბილისში, ისე რუსთავში, თუმცა იმისთვის, რომ არ გვქონდეს დაზეპირების პრაქტიკა, არ არის გამორიცხული, პირმა არც იცოდეს, რომელ ქუჩაზე ჩააბარებს გამოცდას", - განაცხადა ბუბა ლომუაშვილმა.

გარდა ამისა, მისივე განმარტებით, გამოცდისთვის განკუთვნილი ავტომანქანები სპეციალური ვიდეოკამერებით იქნება აღჭურვილი, რითაც საგამოცდო პროცესი გაკონტროლდება.

„მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისას დაფიქსირებული ნებისმიერი გადაცდომა იქნება აღრიცხული და სისტემატიზებული, ამიტომ იმის განცდა, რომ გვერდით მჯდომმა შს სამინისტროს თანამშრომელმა გამოცდაზე გასულ პირს შესაძლოა რაიმე სახის დახმარება გაუწიოს, გამორიცხულია", - განაცხადა ბუბა ლომუაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება შემოდგომიდან დაიწყება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×