შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე გაზგამანაწილებელი დერეფნის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა გაჩაღდა. გაზსადენ "თურქეთის ნაკადის" მშენებლობის დაწყებით რუსეთი ცდილობს, დაასწროს ტაპ-ის პროექტის დასრულებას და მისთვის სასურველი პროექტი 2019 წლის ბოლოს აამოქმედოს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, რუსეთმა საშიში თამაში წამოიწყო და ახლა მთავარია, რა პოზიციას დაიჭერენ ქვეყნები, მათ შორის - საქართველო, რომ "გაზპრომს" მასშტაბური პროექტის განხორციელებაში ხელი შეუშალონ.
"თურქეთის ნაკადის" სამუშაოები რუსეთის სანაპიროსთან უკვე დაიწყო. "გაზპრომის" ინფორმაციით, პროექტი მკაცრი გეგმის მიხედვით ხორციელდება და 2019 წლის ბოლოს ის დასრულებული იქნება. "ამ პერიოდისთვის ჩვენი თურქი და ევროპელი მომხმარებლები ახალი მარშრუტით მიიღებენ რუსულ აირს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
"თურქეთის ნაკადი" გაზს შავი ზღვის გავლით თურქეთსა და ევროპას მიაწვდის. პროექტის მშენებლობას კომპანია "საუს სთრიმ ტრანსპორტი" ახორციელებს, რომელიც "გაზპრომის" შვილობილი კომპანიაა.
ქართველი სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ რუსული ამბიციური გეგმების წინააღმდეგ გარკვეული ქმედითი ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს. თუმცა, საამისო საფუძველს ვერ ხედავენ ექსპერტები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველო ამჯერადაც ვერაფერს გახდება და მისი როლი დარჩება ისეთივე პასიური, როგორიც აქამდე იყო. ასეთი მოსაზრებისაა ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მისი შეხედულებით, რუსული პროექტის განხორციელებით საქართველოს როლი კიდევ უფრო დაკნინდება.
"დიდი ხანია, რუსეთი ცდილობს, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდების გეოგრაფია შეცვალოს. თურქეთსაც თავისი ამბიცია აქვს - გახდეს სარეზერვო ჰაპი ევროპაში. შესაბამისად, რუსეთი გარკვეულ რისკს ხედავს უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანპორტირების მხრივ. მას სჭირდება ალტერნატიული გზები და შესაბამისად - გაფართოება, რაც საქართველოს ფუნქციას, გარკვეულწილად, აკნინებს.
რუსეთი ძალიან ნერვიულობს უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. ადრე თუ გვიან, ტრანსპორტირების ეს არხი მისთვის დაიკეტება. ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში ჩვენი როლი არის პასიური. მართალია, დაინტერესებული ვართ, რომ გავაძლიეროთ ქვეყნის ფუნქცია აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგოდერეფნის განვითარებით და თანაც რუსეთის გვერდის ავლით, მაგრამ ეს მხოლოდ დიდი სურვილია, რეალურად არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია", - აცხადებს ხუხაშვილი და დასძენს, რომ "თურქეთის ნაკადის" დაწყებით თურქეთი აძლიერებს თავის როლს და ეძლევა შესაძლებლობა, მოაგვაროს გართულებული ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან.
"ეკონომიკურს რომ თავი დავანებოთ, წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არის თემა, რომელიც ორივე ქვეყნისთვის საინტერესოა. უკრაინაში გართულებული ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთს სტრატეგიულად სჭირდება ევროპაში მიმავალი მარშრუტები კიევის გვერდის ავლით. თურქეთს კი აქვს ამბიცია, გახდეს გაზის მიწოდების ჰაბი ევროპაში. ეს იქნება მის ხელში გარკვეული ბერკეტი, რომ არსებული მდგომარეობა გამოიყენოს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც მას გაუჩნდა ზოგადად დასავლეთთან მიმართებით.
ეს არ არის ახალი პროექტი, მაგრამ თუ ის ადრე შესაშინებლად გამოიყენებოდა, დღეს უკვე პრაქტიკული კონტურები შეიძინა და გახდა მწარე რეალობა, რის წინაშეც დადგა ევროპა. თავის დროზე აშშ ყველაფერს აკეთებდა, რომ თურქეთს ეს ნაბიჯი არ გადაედგა. მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაცივდა და დაიწყო რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობა, შეიცვალა გეოპოლიტიკური ვექტორი", - განუცხადა "რეზონანსს" ხუხაშვილმა.
ეკონომისტების ნაწილი არ კარგავს ოპტიმიზმს და ფიქრობს, რომ რუსეთს ამბიუციური გეგმის განხორციელებაში ხელი შეეშლება. ემზარ ჯგერენაია ამ მხრივ საქართველოსა და უკრაინის პოზიციას, მათი მხრიდან ზომების მიღებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ეს კი, როგორც ჯგერენაია აღნიშნავს, შესაძლებელია, თუკი გაჩნდება ალტერნატივა.
"რუსეთი ცდილობს მთლიანად უკრაინის ბლოკირებას და ამას ახლა თურქეთან ერთად ახორციელებს. "გაზპრომი" მთლიანად აფინანსებს ამ მშენებლობას, რათა თავად გახდეს ევროპისთვის გაზის მიმწოდებელი თურქეთის გავლით. მისი მიზანია, მთლიანად მოსწყვიტოს ევროპას ალტერნატიული ბაზარი, რისთვისაც ამდენი ხანი იბრძვის.
საშიში ტენდენციაა. რუსეთის ნაბიჯი იმსახურებს, რომ აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან ერთად დავსხდეთ და მოსკოვის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენ ვართ მხოლოდ გამტარი ქვეყანა, მაგრამ აქტიურობა მოგვიწევს, რათა რუსეთის ღონისძიებებს დავუპირისპირდეთ.
კრემლმა დიდი ნაბიჯი გადადგა, რათა უკრაინისა და საქართველოს გაზსადენების ფუნქცია დააკნინოს. ევროპასთან ერთად დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მუშაობა და დავსახოთ ალტერნატივა. თუნდაც ახალი მილსადენის დაჩქარებული მშენებლობა, რომელსაც აზერბაიჯანი ახორციელებს", - აცხადებს ემზარ ჯგერენაია, რომელიც არ მალავს, რომ არსებულ სიტუაციაში რუსეთისგან ქმედითი ნაბიჯის გადადგმას არ ელოდა.
"თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მასშტაბური პროექტების განხორციელებას აფერხებს. რუსეთმა გაბედა და გადადგა ეს ნაბიჯი. ნებისმიერ ინვესტიორს გაუჭირდება, რომ თურქეთში მსხვილი კაპიტალდაბანდება განახორციელოს. საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსეთს დასავლეთის სანქციებმა. ამიტომ იყო მისი მხრიდან მნიშვნელოვანი, რომ გადაწყვეტილება მიეღო, თანაც - დროულად", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ემზარ ჯგერენაიამ.