2007 წლიდან დღემდე, 10 წლის განმავლობაში, სამუშაო ადგილებზე დაღუპულია 429 ადამიანი, მძიმედ დაშავებულია 728. ეს არის სტატისტიკა მშრალი ციფრებით და დიდი ტრაგედია თითოეული გარდაცვლილის ოჯახისთვის. ამას სამშაბათს ტყიბულის შახტში 4 ადამიანის სიკვდილიც შეემატა.
მუშა საქართველოში - ადამიანი, რომელიც "საკუთარი ნებით" მიდის სამუშაოდ იქ, სადაც მხოლოდ გამართლება-არგამართლებაზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლე. ხელისუფლების მაღალჩინოსნები კი ყოველი ტრაგიკული ფაქტის შემდეგ დამწუხრებული სახეებით გამოუცხადებენ გარდაცვლილის ოჯახებს სამძიმარსა და თანადგომას, ისაუბრებენ ტრაგედიაზე, მოითხოვენ დამნაშავის მკაცრად დასჯას და ამისთვის გამოძიების დაწყებას. მოითხოვენ კომპენსაციას გარდაცვლილი ადამიანის თუ მათი ოჯახებისთვის; უფლებადამცველები უკვე მერამდენედ მოითხოვენ შრომის ინსპექციის აღდგენას და მკაცრ კონტროლს, პასუხად კი მოვისმენთ, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.
შემდეგ გავა დღეები მორიგ დაღუპულ ადამიანამდე და ისევ ხელახლა დაიწყება ეს ფორმალობები - სამძიმარი, გამოძიების დაწყება, ბრალდებები, შრომის ინსპექციის აღდგენის მოთხოვნა და დაპირება, რომ მუშაობა მიმდინარეობს.
ასე მოხდა ამჯერადაც. 9 მაისს, 17:20 საათზე ტყიბულში ელიზბარ მინდელის სახელობის შახტში სატვირთო ლიფტზე ბაგირის შეცვლის სარემონტო სამუშაოების დროს, ბადია მოწყდა და მასზე მყოფი 4 მეშახტე თან ჩაიყოლა. ოთხივე ზეინკლის ცხედარი 13-საათიანი ძებნის შემდეგ ამოიტანეს 400-მეტრიანი სიღრმიდან.
დაიწყო განცხადებები და ურთიერთბრალდებები, საუბრები, მორიგი უბედური შემთხვევაა ეს თუ სახელმწიფოს გულგრილი დამოკიდებულება სამუშაო პირობების უსაფრთხოებაზე.
პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის სპიკერმა და მინისტრებმა მწუხარება გამოთქვეს. ტყიბულში ჩავიდა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, შსს-მ დაიწყო გამოძიება.
"საქნახშირის" დირექტორმა გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, გარდაცვლილების ოჯახის წევრებს კი შესაბამის დახმარებას დაჰპირდა. ტყიბულში ჩასულმა ეკონიმიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ "დაისჯება ყველა, ვისი წვლილიც დადასტურდება".
თქვა, რომ შრომითი კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს - "შრომითი პირობების დაცვა განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ წარმოებებში სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი გახდება."
ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ აღიარა, რომ "მაღალი რისკის ობიექტებზე რაღაცაა მოსაფიქრებელი" და რომ მთავრობის უახლოეს სხდომაზე დააყენებს ამ საკითხს.
გაისმა ბრალდებებიც. დარგობრივი პროფკავშირის განცხადებით, ბრალი მიუძღვის ყველას, ვინც დღემდე უშლის ხელს შრომის ინსპექციის შექმნასა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 176-ე კონვენციის რატიფიცირებას. სახალხო დამცველმა "მკვლელები" უწოდა ყველას, "ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან."
გარდაცვლილთა ოჯახის წევრები კი გამოძიებისგან ელოდებიან პასუხს: იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები ინციდენტის ადგილზე და ვინ არის პასუხისმგებელი მაღაროელების დაღუპვაზე?
სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის თუ შრომის უსაფრთხოების დარღვევის გამო გარდაცვლილთა და დაშავებულთა სტატისტიკა ასეთია:
2017 წელს უკვე დაიღუპა 15 ადამიანი, მძიმედ დაშავდა 12;
2016 წელს გარდაიცვალა 58, მძიმედ დაშავდა 84;
2015 წელს გარდაიცვალა 42, მძიმედ დაშავდა 80;
2014 წელს გარდაიცვალა 41, მძიმედ დაშავდა 66.
აყველაზე მეტი ადამიანი სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 2010 წელს - 81, მძიმედ დაშავდა 168.