
11 ხმით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე, სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოში დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრისას მიიღეს.
საერთო ჯამში დღეს 77 კანდიდატზე უნდა მიიღოს საბჭომ გადაწყვეტილება. ვაკანტურია 84 ადგილი.
პირველ ეტაპზე გასაუბრება 109 კანდიდატმა გაიარა. გასაუბრების პირველ ეტაპზე 101 კანდიდატი გამოცხადდა, საიდანაც 79 კანდიდატი შეირჩა.
დარჩენილი 79 კანდიდატიდან ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მათი ნაწილი მოსამართლის მანტიას უვადოდ, ნაწილი კი გამოსაცდელი ვადით მოირგებს.
პრეზიდენტის წარმომადგენელი, ვახტანგ მჭედლიშვილი, მოსამართლეთა დანიშვნის კენჭისყრაში არ მონაწილეობს. მისი განცხადებით, მან იუსტიციის საბჭოს შესთავაზა, მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე კენჭისყრა მას შემდეგ ჩატარებულიყო, როდესაც პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებულ რეგულაციებს შეცვლიდა.
ვახტანგ მჭედლიშვილის წინადადება იუსტიციის საბჭოში არ გაიზიარეს.