პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა 6 პირი დააკავეს.
დაკავებულები არიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები - მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე, ხოლო ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმყოფება.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პატიმრებს N8 დაწესებულებაში შესახლებისას, განურჩევლად უსწორდებოდნენ ძალადობრივი მეთოდებით, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
ბრალდებულთა ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო.
ასევე ადგილი ჰქონდა მათ მოთავსებას სასჯელაღსრულების დაწესებულების მორგში გარდაცვლილ პირებთან ერთად, სადაც პატიმრებს ამწყვდევდნენ გარკვეული დროის მანძილზე.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 600-მდე მსჯავრდებული, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის ქვეპუნქტებით.