დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელმა, თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები წარმოადგინა.
კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ გამოკითხული სტუდენტი გოგონების ნაწილმა ანონიმურად აღიარა ისიც, რომ მათ პირველი აბორტი 14-15 წლის ასაკში ჰქონდათ გაკეთებული. ჩიბურდანიძის თქმით, ეს ის არასასურველი რეალობაა, რომელსაც საზოგადოებამ თვალი უნდა გაუსწოროს და ინიციატივა სქესობრივი სწავლების შესახებ სწორად უნდა გაიგოს. მისი თქმით, სწავლება არ გულისხმობს აღნიშნული საკითხების შესახებ სახელმძღვანელოების დაბეჭდვას და ამ ფორმით სწავლას. დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელის თქმით, სწავლებას სასემინარო ფორმა ექნება და ეს სემინარები მაღალი კლასების მოსწავლეებთან ჩატარდება.
„ ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა. აქ საუბარი არ არის სასკოლო სახელმძღვანელოებზე, აქ საუბარია სასემინარო სწავლებაზე. ამის სწავლება საჭიროა, რადგან ჩვენ დღეს სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ. ჩვენ გამოვკითხეთ პირველი, მეორე და მესამე კურსის 500 სტუდენტი საქართველოს ყველა რეგიონიდან და გვაქვს ფატალური შედეგები - გამოკითხულთა 87% -მა არ იცოდა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ" , - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
დღეს საქართველოში სქესობრივი ურთიერთობები ადრეულ ასაკში იწყება. გამოკითხულ სტუდენტებში 250 გოგონა იყო, მათმა უმეტესობამ აღიარა, რომ პირველი აბორტი გაკეთებული ჰქონდათ 14-15 წლის ასაკში. გამოკითხული ბიჭი სტუდენტების 6,2% აღიარა, რომ მათ მოგვიანებით აღმოაჩნდათ ინფექციები, ვერ გაუმხილეს მშობლებს. ზოგი მათგანი დამოუკიდებლად დადიოდა ექიმთან, ზოგმა კი ვიღაცისგან ნასწავლი მედიკამენტებით დაიწყო მკურნალობა და მიიღეს უფრო ცუდი შედეგები.
„ადრე 25 წლამდე ასაკში არ შეინიშნებოდა უშვილობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, რაც დღეს არის. უშვილობის მაჩვენებელი ძალიან არის გაზრდილი. ამის მიზეზია ადრეული სქესობრივი ურთიერთობები, დაუცველი ურთიერთობა და ინფექციები, რომელიც ამის შედეგად გადადის და შემდგომში იწვევს უშვილობას, ასევე, პირველადი აბორტები ადრეულ ასაკში, არაჯანსაღი კვება და დაბინძურებული გარემო", - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.