ბათუმში 10 დღეში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან
ეკატერინე ბასილაია
12.05.2017

 უახლოეს დღეებში ბათუმში საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებისთვის სამმხრივი ფორმატის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გეგმავენ, რაც ექსპერტების ნაწილში უკვე ფასდება, როგორც რეგიონში ერთგვარი ახალი საპირწონე ალიანსის შექმნა - თურქულ-ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობა სომხურ-რუსულ და ალბათ პლუს ირანის გაერთიანების დასაბალანსებლად.

"შეიძლება ვთქვათ ასეც, რომ იქმნება ერთგვარი ალიანსი სომხურ-რუსულ და ალბათ პლუს ირანის გაერთიანების საპირწონედ," - აცხადებს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია, - "რუსეთსა და სომხეთს კოალიციური ძალები აქვთ შექმნილი, მჭიდროდ თანამშრომლობენ და ეს ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული სამმხრივი თანამშრომლობა გარკვეულწილად აბალანსებს იმ გეოსტრატეგიულ ღერძს, რომელიც შექმნილია ჩრდილოეთ-სამხრეთის ვექტორში. ეს ერთგვარი სამხედრო თანამშრომლობა, რომელსაც ბლოკს ვერ დავარქმევ, დაახლოებით ბლოკი ან დროებითი ალიანსი იქნება დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით".

მისგან განსხვავებით, რაიმე ბლოკის თუ ალიანსის მსგავსი ერთობის შექმნაზე მოლაპარაკებას გამორიცხავს ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე იმ მიზეზით, რომ "ასეთი სამხედრო-პოლიტიკური საკითხები მინისტრების დონეზე არ წყდება. ამიტომ იმ თანამშრომლობის გაგრძელება იქნება, რაც აქამდე არსებობდა ამ ორ სახელმწიფოსთან".

აღსანიშნავია, რომ 10-11 მაისს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, სტამბულში იმყოფებოდა საერთაშორისო სამხედრო მრეწველობის გამოფენაზე და ამ ოფიციალური ვიზიტისას იზორიასა და მისი თურქი კოლეგის შეხვედრის მთავარი თემა იყო 10 დღეში ბათუმში დაგეგმილი სამმხრივი მინისტერიალი, სადაც, სამინისტროს ცნობითვე, ხელი უნდა მოეწეროს მემორანდუმს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობაზე.კონკრეტულად რა სახის თანამშრომლობას ეწერება ხელი, დეტალები უცნობია.

ვახტანგ მაისაიას თქმით, ძირითადად საუბარი იქნება ენერგოუსაფრთხოებაზე, უპირველესად ნავთობსადენების დაცვაზე; ასევე იქნება კიბერუსაფრთხოებაზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, რომელიც სამხედრო უსაფრთხოების თემატიკას უკავშირდება და სამივე ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს ურთიერთშესახები ინტერესები.

ამბობს, რომ 2014 წელს შედგა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პრეზიდენტების სამიტი და მაშინ ითქვა, რომ შემუშავებულიყო რეგიონული უსაფრთხოების მოდელი ამ სამი ქვეყნის უშუალო მონაწილეობით და ამის გაგრძელებას ვხედავთ ახლა.

"ეს თავიდანვე იყო ალიევის ინიციატივა, რომ გაერთიანებული კავკასიის ფედერაცია შექმნილიყო და ამ სამ ქვეყანას სტრატეგიული თანამშრომლობა ჰქონოდა. საუბარია ენერგოუსაფრთხოებაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, კავკასიური უსაფრთხოების ელემენტების განმტკიცების კუთხით და ა.შ. ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა.

"შემდგომში 2015 წელს იყო თავდაცვის მინისტრების პირველი შეხვედრა და ეს იქნება ასეთი ტიპის მეორე შეხვედრა," - ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, ეს სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობა არც პოლიტიკურად და არც სამხედრო თვალსაზრისით სხვა ქვეყნებისთვის არანაირი ზიანის მომტანი არ არის, თუმცა გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შესაძლოა, რუსული და სომხური მხარეები არ იყვნენ მოხარულები ამ თანამშრომლობით და ეს საკვირველი არ არის, რადგან "პოლიტიკურ და ფორმალურ ჭრილში სხვადასხვა ბანაკში ვნაწილდებით".

"ერევანში ამ მემორანდუმს მაინცდამაინც გახარებულები არ შეხვდებიან, რადგან სომხეთს თავად აქვს ასეთი სტრატეგიული ურთიერთობა რუსეთთან, ასევე ირანის მიმართულებაცაა და ეს სამმხრივი მემორანდუმი სწორედ ამის ერთგვარი საპირწონეა.

"ბუნებრივია, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორისაც გაუარესებულია სიტუაცია და, ფაქტობრივად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის აჩრდილი კვლავ აქტუალურია. ზოგიერთი მკვლევარი ზაფხულში არ გამორიცხავს კონფლიქტის განახლების პერსპექტივასაც კი. თუმცა ჩვენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემთხვევაში, ბუნებრივია, არანაირი ვალდებულება არ გვექნება," - მიიჩნევს მაისაია.

ამირან სალუქვაძის თქმით, კონკრეტულად რაზე იქნება მოლაპარაკება, ამაზე საუბარი რთულია. დიდი ალბათობით, ამ სამმხრივი მემორანდუმის მიხედვით, ზოგადად, იქნება თანამშრომლობა სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში, ხოლო ბლოკის მსგავს ერთობაზე საუბარს, თან სომხეთი-რუსეთის თანამშრომლობის საპირწონედ, ერთი, რომ გამორიცხავს და, მეორეც, ამბობს, რომ ამაზე საუბარი შეცდომაც იქნება.

"რაიმე საპირწონე გაერთიანების შექმნა ჩვენგან შეცდომა იქნება, რადგან აქ საუბარი არ არის რუსეთის საპირწონეზე. აზერბაიჯანი და სომხეთი კავკასიური სახელმწიფოებია, ჩვენ საუკუნეებია, ვთანამეზობლობთ ნორმალურად და ასეც გაგრძელდება. სომხეთს თავისი საგარეო კურსი აქვს აღებული თავისი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, აზერბაიჯანს - თავისი და ჩვენ - ჩვენი. ჩვენ ამას ნორმალურად ვათანხმებთ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა არანაირად არ არის და არ იქნება მიმართული სომხეთის წინააღმდეგ და ანალოგიურად არის სომხეთიც ჩვენ მიმართ მეგობრულად განწყობილი", - მიიჩნევს სალუქვაძე.

გამოიწვევს თუ არა ეს მემორანდუმი ერევანში კითხვებს - პასუხად ამბობს, რომ, დიდი ალბათობით - კი. თუმცა დიპლომატიური კორპუსისა და თავდაცვის უწყების მხრიდან ინფორმაციის გაცვლის შედეგად კითხვებიც მოიხსნება.

"საქართველო სომხეთის საწინააღმდეგოდ თუ საპირწონედ არც ერთი მიმართულებით არაფერს არ აკეთებს. ჩვენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს და ეს სომხეთშიც კარგად იციან. ასეც გაგრძელდება. პირიქით, საქართველოს აქვს თავისი როლი რეგიონში. ყოველთვის ვიყავით ერთგვარი შემაკავშირებელი და საქართველო ამ როლს შეინარჩუნებს. პირველი არ არის შეხვედრა და მემორანდუმების გაფორმება თურქეთი-აზერბაიჯანთან," - ამბობს სალუქვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×