„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21"-ის ხელმძღვანელმა, ზვიად ტომარაძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომელიც უცხოეთდან დაფინანსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების აკრძალვას ეხება.
„საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ" მომზადებული კანონპროექტის თანახმად, „სასამართლოს, საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, შეუძლია აკრძალოს ის ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთის სახელმწიფოდან ფინანსდება და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული" .
ზვიად ტომარაძის განმარტებით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზი საქართველოში მოქმედი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაა.
„ხშირ შემთხვევაში, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გამოხატავენ დამფინანსებელთა ინტერესებს, უპირისპირდებიან სახელმწიფო ინტერესებს, კონსერვატიულ საზოგადოებას, ტრადიციებს და ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტს" , - აცხადებს ტომარაძე.
სიტყვით გამოსვლისას ტომარაძემ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ერთ-ერთ მაგალითად კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დაასახელა, რომელმაც 2013 წელს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მოუგო და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა.
ტომარაძემ ასევე ამერიკელი ხალხის საჩუქარზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ხორციელდება.