„დაუშვებელია იმის უგულებელყოფა, რომ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ" , - აღნიშნული ფრაზა ესტონეთის პრემიერმინისტრმა, იური რატასმა, გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც იური რატასმა აღნიშნა, ესტონეთსა და საქართველოს შორის არსებობს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები.
„ესტონეთსა და საქართველოს შორის არსებობს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები. ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ვულოცავ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის დიდი წარმატება" , -განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო გაღრმავების გზები.
„მიმაჩნია, რომ ამისთვის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. ესტონური საგადასახადო მოდელის ადაპტირება ამის ნათელი მაგალითია. მეორე მხრივ, აუცილებელია ორმხრივი ინვესტიციების გაზრდაც", - აღნიშნა იური რატასმა.