საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, გლდანის მე-8 დაწესებულების 6 ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. დაკავებულები არიან - მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე, ხოლო ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული.
პროკურორ კოკა კაციტაძის თქმით, 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, უსიტყვო მორჩილების მიზნით, პატიმრებს ამცირებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ.
„ბრალდებულთა ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. გარდა ამისა, მათ არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ციხის მორგში მიცვალებულებთან ერთად ამწყვდევდნენ" , - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
პროკურორის თქმით, დაიკითხა 600-მდე მსჯავრდებული, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო.
„ ეს გახლდათ დანერგილი პრაქტიკა, რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა და გამიზნული იყო პატიმართა დამცირების, დაშინებისა და უსიტყვო მორჩილებისკენ. საქმეზე დაკითხული ათეულობით მოწმე ბრალდებულებს ამხელს სხვა, არაერთ ძალადობრივ ეპიზოდში. მაგალითად, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაციას, დაკითხული მოწმეებიდან ამხელს 200-ზე მეტი პირი" -აცხადებენ პროკურატურაში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით გრძელდება.