მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, სავარაუდოდ, გადასახადებს გაუზრდიან
ეკატერინე ბასილაია
15.05.2017

 კონსტიტუციის ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვის ძირითადი ეტაპი დღეს, 15 მაისს, თბილისში სრულდება და "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საბოლოოდ ისინი "საზოგადოებიდან გულწრფელად წამოსულ მესიჯებს" და არა "პოლიტიკურად ანგაჟირებულ საკითხებს" განიხილავენ და გაითვალისწინებენ კიდეც კონსტიტუციის პროექტში. ერთი ასეთი საკითხი კი, მათი თქმით, უკვე გამოიკვეთა - ეს ეხება წინა ხელისუფლების დროს კონსტიტუციაში ჩაწერილ დებულებას, რომელიც გადასახადის გაზრდას მხოლოდ და მხოლოდ რეფერენდუმის გზით ითვალისწინებს.

როგორც "მთელ კვირასთან" საუბარში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ირწმუნება, ყველა შეხვედრაზე "საზოგადოების მხრიდან აბსოლუტურად გულწრფელი" და "პოლიტიკურად არაანგაჟირებული" რამდენიმე უკმაყოფილო შეკითხვა ისმოდა კონსტიტუციის 94-ე მუხლში გადასახადის გაზრდისთვის რეფერენდუმის მოთხოვნის გაუქმებაზე და რომ "საზოგადოების სურვილია", ხელისუფლებამ როცა უნდა, გაზარდოს ნებისმიერი გადასახადი და თან ეს მათ, ხალხს, აღარ ჰკითხოს.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლის თანახმად, საქართველოში არსებული გადასახადების შესაცვლელად - გასაზრდელად ან შესამცირებლად, ასევე მოქმედი გადასახადის გასაუქმებლად ან ახლის შემოღებისათვის რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება განიხილოს და მიიღოს, თუკი მოსახლეობა ამ კონკრეტულ ცვლილებას რეფერენდუმზე მხარს დაუჭერს.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაზე, რომელიც 5 მაისს დაიწყო და ტელეეთერითაც გადაიცემოდა, მოსახლეობის მხრიდან კრიტიკული შენიშვნები თუ შეკითხვები უფრო ხშირად და აქტიურად სხვა საკითხებზე ისმებოდა. მაგალითად, რატომ უნდა წაართვან ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება და რატომ უნდა აირჩიოს ის 300-მა ხმოსანმა. კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს ნიშნავს "პრეზიდენტის არა არჩევას, არამედ გამარჯვებული პარტიის მიერ დანიშვნას".

მეორე პრეტენზია ეხებოდა თვითმმართველი ქალაქების გაუქმების მიუღებლობას და საკმაოდ ბევრი უკმაყოფილება იყო ამაზეც.

მესამე კრიტიკული საკითხი იყო ახალ საარჩევნო სისტემაში ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნება, პლუს 5%-იანი ბარიერის დატოვება და საარჩევნო ბლოკების აკრძალვა.

ამ განხილვისას ასევე გამოითქვა უკმაყოფილება იმის გამოც, რომ კონსტიტუციაში არ ჩაიწერა მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა და, შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა ეს საკითხიცაა.

 ამ ყველა მოსაზრებას შორის კი "ქართულმა ოცნებამ" უპირველესად განსახილველ და გასააზრებელ საკითხად მიიჩნია გადასახადების გაზრდისთვის რეფერენდუმის გაუქმების მოთხოვნა.

მამუკა მდინარაძის თქმით, საერთო-სახალხო განხილვის მთავარი ეტაპი, რეგიონებში შეხვედრები, ორშაბათს, 15 მაისს, სრულდება. შემდეგ უკვე თვის ბოლომდე იქნება უფრო მცირე მასშტაბის შეხვედრები მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, არასამთავრობო სექტორთან, ოპოზიციასთანაც, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან, რასაც უმეტესად პარლამენტის თავმჯდომარე არ დაესწრება. შემდეგ კი კონსტიტუციის პროექტის განხილვა გადაინაცვლებს პარლამენტში.

პარალელურად კი მმართველი ძალა, ოპოზიცია და არასამთავრობოები ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან, რადგან "ქართულ ოცნებას" გაცხადებული აქვს, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნებს ისინი მაქსიმალურად გაიზიარებენ.

მდინარაძე პარლამენტში განხილვის დაწყების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს. ამბობს, რომ არსებული გეგმით, ახალი კონსტიტუცია წლის ბოლომდე უნდა მიიღონ, რაც პარტიაში გადაწყვეტილია და ამიტომაც პირველი მოსმენა აუცილებად უნდა მოესწროს ამ საგაზაფხულო სესიის დახურვამდე, ივნისის ბოლომდე, რომ შემდეგ, საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით საბოლოოდ დამტკიცდეს.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, განხილვაზე გამოთქმული შენიშვნა ბევრი იყო და წინსწრებით ვერ იტყვის, რომელ შენიშვნას გაითვალისწინებენ და რომელს - არა. ამბობს, რომ გააანალიზებენ ამ განხილვისას გამოთქმულ მოსაზრებებს, რისი სტენოგრამაცაა გაკეთებული და "რაციონალურ წინადადებებს" გაითვალისწინებენ.

ერთ-ერთი საკითხი კი, რაზეც ცხარე დისკუსიას აანონსებს, შეეხება 94-ე მუხლს, რომელიც გადასახადების გაზრდას მხოლოდ და მხოლოდ რეფერენდუმის გზით ითვალისწინებს.

"ულტრამემარცხენე პოზიციის ადამიანებმა ერთგვარი აქციაც კი მოაწყვეს, რადგან თითქმის ყველა შეხვედრაზე ორი, სამი, ხუთი შეკითხვა ისმოდა 94-ე მუხლთან დაკავშირებით და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ ჩვენ გავხდით იმ გადაწყვეტილების მძევლები, რაც თავის დროზე პოპულისტური განზრახვით მიიღო წინა ხელისუფლებამ.

"საზოგადოების წევრები დიფერენცირების საშუალების გამორიცხვაზე საუბრობენ. ვთქვათ, მდიდარი ადამიანისთვის რომ გაიზარდოს საგადასახადო ვალდებულება და დარჩეს უცვლელი ან შემცირდეს ღარიბი ადამიანისთვის, ეს ვერ ხერხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ეტაპზე გუნდში ვთანხმდებით, რომ უნდა გადაიხედოს," - ამბობს მდინარაძე.

მისი თქმით, ამ აზრის გამომთქმელებს ვერ დააბრალებს, რომ ეს აზრი პოლიტიკური ჯგუფებისგან მოდიოდა. მიაჩნია, რომ ეს საზოგადოების სურვილია. თუმცა ცნობილია, რომ სწორედ "ოცნებაში" შემავალი ფრაქცია "სოციალ-დემოკრატები" გია ჟორჟოლიანის მეთაურობით ითხოვდნენ რეფერენდუმის გაუქმებას და იმის გამო, რომ პროექტში ეს არ ჩაიწერა, ერთგვარი პროტესტის ნიშნად "ოცნების" მიერ პარლამენტში შეტანილ კონსტიტუციის პროექტს ხელიც არ მოაწერეს.

ამბობს, რომ განხილვაზე კიდევ რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, თუმცა "ხელისგულზე ჩანდა გადასახადების საკითხი".

"რა თქმა უნდა, არის ბონუსურ სისტემასთან დაკავშირებული კრიტიკული კითხვები, არის პრეზიდენტის არჩევის წესთან და მაჟორიტარული არჩევის გაუქმების გამო უკმაყოფილებაც და აქ გამპროტესტებელი სხვადასხვა ადამიანია.

"საარჩევნო წესზე, პრეზიდენტის არჩევაზე კრიტიკა უფრო პოლიტიკოსებისგან მოდიოდა. რაც შეეხება მაჟორიტარების გაუქმების გამო უკმაყოფილებას, აქ ხალხი აქტიურობდა. ბევრი ამბობდა, რომ უყვარდა მისი მაჟორიტარი. თუმცა ჩვენი გადაწყვეტილება მყარია და შევეცდებით, ავუხსნათ ხალხს, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება რატომ სჯობს" - დასძენს მდინარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×