
„NDI"-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ხალხმა უნდა აირჩიოს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 9% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა (საკრებულოს წევრებმა ან პარლამენტარებმა). არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 2%, ხოლო 4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
„NDI"-ის მიერ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრეა. კითხვაზე, უნდა შევინარჩუნოთ თუ არა მაჟორიტარები საქართველოს პარლამენტში, 47% დადებითად პასუხობს, 28%-ს მაჟორიტარული სისტემა არ მოსწონს, ხოლო 24%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
„NDI"-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. კვლევის ძირითადი საკითხები იყო ქვეყნის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება, ასევე „გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულება და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა.