სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი საავადმყოფოდან გამოწერეს. ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს. სავარაუდოდ, ლაშა თორდიას დაკითხვა დღეს გაგრძელდება.აუდიტის სამსახურის უფროსის თქმით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობას გააგრძელებს, თუმცა პროკურატურას არ ენდობა.ლაშა თორდია ფიქრობს, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდა.
„ოთარ ფარცხალაძე და პროკურატურა შეთანხმებულად მოქმედებენ, ჩემი პრიორიტეტია ფარცხალაძის კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავება და მინდა ვიხილო იქ, სადაც მისი ადგილია" , - განაცხადა ლაშა თორდიამ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი, რომელიც მასზე თავდასხმაში ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს, არ გამორიცხავს, რომ მალე მისი პირადი დისკრედიტაციის მიზნით, გარკვეული ვიდეომასალა ან ინფორმაცია გავრცელდეს.
ინციდენტი, რაზეც ლაშა თორდია თავად საუბრობს, 2016 წელს ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ფაქტს უკავშირდება. თორდიას თქმით, სავარაუდოდ სწორედ ამ ვიდეოებს გაავრცელებენ. აუდიტის სამსახურის უფროსის თქმით, ამ მასალით შესაძლოა ალკოჰოლის მიმართ მის დამოკიდებულებას გაესვას ხაზი.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღეებში ჩემი მისამართით არაერთი ბრალდება გაიჟღერებს, შეიძლება ვიდეოებიც გავრცელდეს, ყველასთვის მზად ვარ, ვერ შემაშინებს ვერც ფინანსური პოლიცია, ვერც პროკურატურა" , - განაცხადა ლაშა თორდიამ.
ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახით ორ წლამდე ან ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა თორდია აცხადებს, რომ 14 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბში თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა თავს.
ოთარ ფარცხალაძემ მთავარ აუდიტორთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კონფლიქტის ინიციატორი ლაშა თორდია იყო, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.