დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვების პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო. თუმცა, დარბაზში დამსწრეთა ნაწილმა ხმაურიანი შეძახილებით, პარლამენტის თავმჯდომარეს საუბრის დაწყების საშუალება არ მისცა. ფილარმონიაში მიმდინარე შეხვედრაზე სხდომის გადადების გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო.
„ვერ ვხედავ ამ ფორმატში შეხვედრის გაგრძელების აზრს" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება შეხვედრა.
„აუდიტორია 115"-ის წევრებმა ირაკლი კობახიძეს შეხვედრის დაწყების საშუალება არ მისცეს. მათივე განცხადებით, პროტესტის მიზეზი ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოების საკითხებისადმი ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულებაა.ისინი ასევე მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხს აპროტესტებდნენ.
ირაკლი კობახიძემ „აუდიორია 115"-ის წევრებს ახალგაზრდა კომუნისტები უწოდა. „ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში კომუნისტების ადგილი არ არის, დაადექით ილიას გზას, სწავლის გზას", - მიმართა კობახიძემ სტუდენტებს.
შეხვედრას სტუდენტები, პროფკავშირების გაერთიანების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.