„სახელმწიფოებმა ყურადღება უნდა მიაქციონ კიბერთავდასხმას, რომელიც პარასკევს 150-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდა". „BBC"-ის ინფორმაციით ,აღნიშნული განცხადება, „Microsoft"-ის პრეზიდენტმა, ბრედ სმიტმა გააკეთა.მისივე განცხადებით, უახლეს ვირუსს ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახური იძიებს.
„კიბერკრიმინალები უფრო დახვეწილები გახდნენ. მომხმარებლისთვის არ არსებობს გზა, რომ თავი დაიცვან საფრთხეებისგან თუ არ განაახლებენ სისტემას", - განაცხადა სმიტმა.
გავრცელებული ცნობით, აღნიშნული ვირუსით 200 000-ზე მეტი კომპიუტერია დაზარალებული.ვირუსი ერთი კომპიუტერიდან იმართება და სხვებზე სწრაფად ვრცელდება. გარდა ამისა, ის მომხმარებლის ფაილებზე კონტროლს ამყარებს და მათზე ხელმისაწვდომობის აღსადგენად 300 დოლარის გადახდას ითხოვს. სამ დღეში ჰაკერებისთვის ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში ღირებულება ორმაგდება, შვიდი დღის შემდეგ კი თუ თანხა გადახდილი არ არის, ფაილი იშლება.
ვირუსის გავრცელების შედეგად, ინგლისში 48, ხოლო შოტლანდიაში ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის 13 დაწესებულება, გერმანიის სარკინიგზო ქსელი „deutsche bahn"-ი, ესპანეთის სატელეკომუნიკაციო ოპერატორი „telefonica", ფრანგული ავტომწარმოებელი „Renault"-ი, აშშ-ის ლოჯისტიკის გიგანტი „fedex"-ი და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროც დაზარალდა.