რეზონანსი
15.05.2017

 რუსეთის პრეზიდენტი 12 მაისს დაწყებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმებში აშშ-ს ადანაშაულებს. ვლადიმერ პუტინმა ამით მხარი დაუჭირა კომპანია „Microsoft"-ის პრეზიდენტის, ბრედ სმიტის მოსაზრებას. „BBC"-ის ცნობით, მან თავის ბლოგზე დაწერა, რომ კიბერშეტევები დაკავშირებულია იმ მასალების მოპარვასთან, რომელსაც ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო აგროვებდა.

„ეს შეტევა ისეთივე მასშტაბის დარტყმაა, როგორც მაგალითად ამერიკის არმიას რაკეტები რომ მოპარონ. სახელმწიფო სტრუქტურებმა მოწყვლადი მხარეების შესახებ მონაცემები კი არ უნდა შეინახონ, არამედ გადასცენ სპეციალისტებს, რომ მათ ამ სისუსტეების აღმოფხვრა მოახერხონ და კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების ზომები გაზარდონ" , - განაცხადა ბრედ სმიტმა.

მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმები 12 მაისს დაიწყო. დავირუსდა ელექტრონული სერვერები, დაიბლოკა კომპიუტერები. მუშაობის გასაგრძელებლად ჰაკერებმა თანხა მოითხოვეს, თუმცა ევროპოლის დირექტორი ამბობს, რომ დაზარალებულთა უმრავლესობამ ჰაკერებს ფული არ გადაუხადა.

ბრიტანულმა დაზვერვამ კომერციული ორგანიზაციები გააფრთხილა,რომ ამ კვირაში დაგეგმილი მორიგი კიბერშეტევისთვის მოემზადონ. ევროპოლის დირექტორის მონაცემებით, პარასკევის კიბერშეტევით სულ 150 ქვეყნის 200 000 მომხმარებელი დაზარალდა.

კომპიუტერულ სისტემებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, თურქეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებზე. მწყობრიდან გამოვიდა დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოების კომპიუტერული ქსელი. თავდასხმა 16 სამედიცინო დაწესებულებაზე მოხდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×