"4 მეშახტე", "კონსტიტუცია კლავს", "კონსტიტუცია უნდა ეკუთვნოდეს ხალხს", "ქართულ მიწას არ გაგაყიდინებთ", - ეს ხმაურიანი შეძახილები ისმოდა ფილარმონიის დარბაზიდან, რის საპასუხოდ პრეზიდიუმიდან ირაკლი კობახიძემ მათ "კომუნისტები" და "რუსეთუმეები" ეძახა ასევე ყვირილით და განაცხადა, რომ "ბოლშევიკების და მენშევიკების ადგილი საქართველოში არ არის".
ორივე მხრიდან წინასწარ დაანონსებული პროვოკაცია შედგა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დასკვნითი შეხვედრა თბილისში ყვირილით, სტვენით და შეძახილებით ჩაიშალა.
გუშინ ფილარმონიაში, სადაც საყოველთაო-სახალხო განხილვის შემაჯამებელი შეხვედრა უნდა შემდგარიყო, დაპირისპირება ორი საკითხის გამო მოხდა.
მემარცხენე იდეოლოგიის სტუდენტური ორგანიზაცია "აუდიტორია 115" და პროფკავშირები ტყიბულში რამდენიმე დღის წინ მომხდარი მეშახტეების ტრაგედიის გამო კონსტიტუციაში შრომის უსაფრთხოების საკითხის ჩადებას ითხოვდნენ.
მეორე საკითხი კი ეხებოდა მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის ჩაწერას კონსტიტუციაში და ამ საკითხზე ყველაზე მეტს აქტიურობდნენ მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდო ბრეგაძე, რომელიც ამ ხელისუფლების დროს დიასპორის მინისტრის მოადგილე იყო და ასევე ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი.
დარბაზის განსაკუთრებული გაღიზიანება და დაძაბულობა პარლამენტის სპიკერის განცხადებას მოჰყვა, როდესაც ირაკლი კობახიძემ აუდიტორია 118"-ის წევრებს "კომუნისტები" და "ფსევდო სოლიდარები" უწოდა, მიწის გაყიდვის მოწინააღმდეგეებს კი - "რუსეთუმეები".
"როდესაც წუთიერი დუმილი გამოვაცხადე დაღუპული მეშახტეების გამო, თქვენ მაშინაც არ გაჩერდით. ეს ფსევდოსოლიდარობა არაფერს არ მოგიტანთ. რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი 2500 კაცს იმის საშუალებას არ აძლევს, განიხილოს კონსტიტუცია.
"ახალგაზრდებო, მოგიწოდებთ, გაჰყვეთ იმ გზას, რა გზასაც დაადგა ილია ჭავჭავაძე. ეს არის სწავლის და განათლების გზა. თქვენ აირჩიეთ კომუნიზმის გზა, კომუნიზმი არის ცოდნის დეფიციტის შედეგი", - განაცხადა კობახიძემ და ამის შემდეგ ისედაც ხმაურიანი დარბაზში სასტვენების ხმა და რეპლიკები არც შეწყვეტილა, ახალგაზრდებმა პარლამენტის თავმჯდომარეს აღარ მისცეს შესაძლებლობა, განხილვა გაგრძელებულიყო.
სანამ სიტუაცია უმართავი გახდებოდა, რამდენიმე გამომსვლელმა პოზიციის გამოხატვა შეძლო. "აუდიტორია 115-ის" წევრმა გიორგი სოფრომაძემ განაცხადა, რომ ჩვენ ვხედავთ ბიზნესე ლიტასა და პოლიტიკურ ელიტაზე მორგებულ კონსტიტუციას და ეს კონსტიტუცია არ არის სახალხო.
"ჩვენ ვხედავთ სცენაზე ადამიანებს, რომლებიც გველაპარაკებიან ფასადური სოლიდარობის ენით, მაგრამ ერთი წლის წინ, მე მახსოვს, გახარია, ახლა უკვე მინისტრთა კაბინეტის და სამთავრობო ძალების ახლოს მყოფი ფიგურა, მეშახტეებს ჰპირდებოდა სხვადასხვა დახმარებას, მაგრამ ზუსტად შრომის პირობების მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო დღეს ჩვენ ვხედავთ 4 ადამიანს სამარეში.
"ვაწყდებით მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესელიტაზე და პოლიტიკურ ელიტაზე მორგებულ კონსტიტუციას და ეს კონსტიტუცია არ არის სახალხო. ამ მასკარადს არ დაგადგმევინებთ", - განაცხადა სოფრომაძემ.
სანდო ბრეგაძემ თქვა, რომ ქართული მიწის გაყიდვას არ დაუშვებენ.
"არ გინდათ ხალხის გაბითურება. თქვენ აკანონებთ ჩვენი მამა-პაპის მიწის გაყიდვას, ჩვენ არ მოგცემთ ამის უფლებას. ჩაწერეთ კონსტიტუციაში ჩვენი ერის მოთხოვნა - ქართული მიწა არ იყიდება", - გაჰყვიროდა სანდრო ბრეგაძე, რომელმაც პარლამენტის სპიკერს კომკავშირელი უწოდა: "ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, თქვენ აქ ხალხს უცოდინრებს ნუ უწოდებთ და შეურაცხყოფას ნუ აყენებთ. თქვენზე მეტი ცოდნა აქვთ. კომკავშირლებს თქვენ ჰგავხართ!"
კობახიძემ სანდრო ბრეგაძე ტყუილში დაადანაშაულა და თქვა, რიმ მიწის გაყიდვა არ იგეგმება, ორგანულ კანონში მზადდება ცვლილება, მაგრამ ოპონენტებს მხოლოდ პროვოკაცია აქვთ დაგეგმილი, ინფორმაციის მიღება კი არ სურთ.
"ბატონმა სანდრომ თქვა ტყუილი. რაც შეეხება უცოდინრებს, მე მოგიწოდებთ თქვენ, იაროთ ცოდნის გზით, უცოდინარი თქვენ გიწოდათ ბატონმა სანდრომ. ეს იყო რეალობა. თქვენ ინფორმაციის მიღება კი არ გინდათ, გინდათ, მოაწყოთ პროვოკაცია", - განაცხადა კობახიძემ და ისევ ახალგაზრდების კომუნისტებთან შედარებაზე, ყვირილითა და ხელების კანკალით შეურაცხყოფაზე გადავიდა: - "იგივე ეხება ფსევდოსოლიდარობას. კომუნისტების სოლიდარობა არ გაიშვა".
სცენის დატოვებამდე მან თქვა, რომ განხილვის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს და ეს შეხვედრა "რუსეთუმეებმა" და "კომუნისტებმა" ჩაშალეს.
"საქართველოში დამთავრდა კომუნიზმის დრო, ჩვენ ვივლით ილია ჭავჭავაძის გზით და კონსტიტუციაც ამას ემსახურება. ქართული საზოგადოება არის ილია ჭავჭავაძის და არა მენშევიკების და ბოლშევიკების საზოგადოება. ჩვენ ილია ჭავჭავაძის გზიდან არ გადავუხვევთ. კომუნისტების და რუსეთუმეების ადგილი საქართელოში დამთავრდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და სცენა დატოვა.
მას სხვებიც მიჰყვნენ და ისე, რომ არც დაწყებულა, შეხვედრაც დასრულდა. დარბაზში შეკრებილებმა სცენისკენ გადაინაცვლეს და სანამ "ოცნების" სხვა წევრებიც დატოვებდნენ დარბაზს, მოსთხოვეს ირაკლი კობახიძეს, მათთვის ბოდიში მოეხადა. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც და ლანძღვაც.
ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ კი "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული პროვოკაცია, რაზეც ინფორმაცია წინასწარაც ჰქონდათ, თუმცა შეგნებულად თავი აარიდეს იმ ორგანიზაციებისა და პირების დასახელებას, რომლებიც ამას გეგმავდნენ.