რეზონანსი
16.05.2017

 შესაძლოა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და აშშ-ში რუსეთის ელჩს სერგეი კისლიაკს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე,სრულიად საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა. ამის შესახებ ამერიკული გაზეთი „The Washington Post"-ი აშშ-ის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გაზეთის ინფორმაციით, „ტრამპის მიერ ამ მონაცემების გასაჯაროებამ საფრთხის ქვეშ დააყენა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს" შესახებ ინფორმაციას აწვდის".

საქმე ეხება ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მიერ, თვითმფრინავებში ლეპტოპების ატანას,სადაც ასაფეთქებელია დამონტაჟებული, რაც რუსეთს აძლევს შესაძლებლობას,რომ საიდუმლო ინფორმაციის წყარო დაადგინოს.

„ინფორმაცია, რომელიც პრეზიდენტმა გაამჟღავნა, მიწოდებული იყო აშშ-ის პარტნიორის მიერ და იმდენად სენსიტიურად იყო მიჩნეული, რომ მისი დეტალები დაფარული და მკაცრად შეზღუდული იყო მოკავშირეებისთვის - მთავრობის შიგნითაც. პარტნიორს აშშ-ის დაზვერვისთვის ინფორმაციის რუსეთისთვის გაცნობის უფლება არ მიუცია" , - ნათქვამია სტატიაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ელჩს თეთრ სახლში გასულ კვირას უმასპინძლა. ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის განცხადებით, შეხვედრაზე ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან მომავალ ძირითად საფრთხეებზე ისაუბრეს და არანაირი სადაზვერვო ინფორმაცია არ განხილულა.

თეთრი სახლი „ვოშინგტონ პოსტის" სტატიას გამოეხმაურა და გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

„დღევანდელი ამბავი, როგორც ის არის გადმოცემული, სიცრუეა. პრეზიდენტს არ განუხილავს დაზვერვის წყაროები ან მეთოდები, არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია სამხედრო ოპერაციების შესახებ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გერბერტ მაკმასტერმა. ის ტრამპისა და ლავროვის შეხვედრას ესწრებოდა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×