მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული გლობალური კიბერშეტევების უკან შესაძლოა ჩრდილოეთ კორეა დგას. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტექნოლოგიების უსაფრთხოების ექსპერტებმა მასშტაბური კიბერშეტევების უკან ჩრდილოკორეული კვალი აღმოაჩინეს. ექსპერტების ვარაუდით, შეტევები ჩინელი და ჩრდილოკორეელი ჰაკერების ჯგუფმა, „ლაზარუსმა"განახორციელა.
„Google"-ის ანალიტიკოსმა ნილ მეტჰამ კომპიუტერული ვირუსის „WannaCry"-ის კოდებში „ლაზარუსის" მიერ განხორციელებული კიბერშეტევებისას აღმოჩენილი კოდის მსგავსი ელემენტები იპოვა. „ლაზარუსის" ჰაკერებმა 2014 წელს „სონი ფიქჩერსზე", ხოლო 2016 წელს ბანგლადეშის მთავარ ბანკზე მიიტანეს კიბერშეტევები.
ვირუსი „ansomware WannaCrypt/WannaCry" 12 მაისიდან ვრცელდება. ჰაკერებმა 150-ზე მეტი ქვეყნის 200 000-მდე ობიექტი დააზიანეს. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა კომპიუტერულ სისტემებს დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, თურქეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებზე.
ვირუსის გავრცელების შედეგად, ინგლისში 48, ხოლო შოტლანდიაში ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის 13 დაწესებულება, გერმანიის სარკინიგზო ქსელი, ესპანეთის სატელეკომუნიკაციო ოპერატორი „ტელეფონიკა", ფრანგული ავტომწარმოებელი „რენო", აშშ-ის ლოჯისტიკის გიგანტი „ფედექსი" და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროც დაზარალდა.