სხვიტორში აკაკი წერეთლის საგვარეულო რეზიდენცია, რომელშიც პოეტის მუზეუმი 1940 წლიდან ფუნქციონირებს, სახელმწიფო დაცვის გარეშეა. მას მუზეუმის მიერ აყვანილი ღამის დარაჯი იცავს და ექსპონატების დაცვა საფრთხის ქვეშაა. ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
აკაკი წერეთლის მუზეუმი კულტურის სამინისტროს ბალანსზეა და 2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს. მუზეუმის თანამშრომლები განმარტავენ, რომ სამინისტროს თხოვნით სისტემატურად მიმართავენ, თუმცა დაპირებების მიუხედავად მდგომარეობა არ იცვლება.
„სანამ სახელმწიფო დაცვა არ გვეყოლება, უნიკალური ექსპონატების გადატანაზე, რომელიც ჩვენთან ინახება, უბრალოდ ვერ ვისაუბრებთ და მით უფრო საგამოფენო სივრცეში ვერ წარმოვადგენთ. ამიტომ მნიშვნელოვანი ექსპონატების უმეტესობა ამ დრომდე ბნელ საცავში რჩება", - განაცხადა აკაკი წერეთლის მუზეუმის საექსპოზიციო განყოფილების კურატორმა, ლეილა ზამბახიძემ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზს რეაბილიტაცია 2015-2016 წლებში ჩაუტარდა. სამუშაოებისთვის კულტურის სამინისტრომ 470 000 ლარი გამოყო.