საავტომობილო გზების დეპარტამენტი თუშეთის მოსახლეობას და თუშეთში გამგზავრების მსურველებს, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე არსებული მეწყრული მოვლენების შესახებ აფრთხილებს. სტიქიის ზონის სიახლოვეს არის ინტენსიური ქვათა ცვენა და დაუშვებელია, როგორც ფეხით, ასევე ავტომანქანით გადაადგილება.
გზების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც თითქმის 10 მეტრის სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა.
მდინარე ალაზნის შეგუბების შედეგად წარმოიქმნა 10 მეტრის სიღრმისა და 300 მეტრი სიგრძის ტბა, რომელმაც სტიქიის ადგილამდე მისასვლელი გზა დატბორა.
„ოპერატიული შტაბი უახლოეს დღეებში, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, 20 კაციანი ჯგუფით დაიწყებს მუშაობას სტიქიური მოვლენის ადგილას და წარმოადგენს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას. დასკვნის გათვალისწინებით, გზების დეპარტამენტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებს" , - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.