საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის მეორე ეტაპი დაიწყო. კანონმდებლები ცვლილებების პროექტს დღეს ზესტაფონელებთან ერთად განიხილავენ. დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საარჩევნო სისტემაა.
კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვის პროცესში „ევროპული საქართველოც" არის ჩართული.გიგი წერეთლის განცხადებით, ისეთ ძირითად ცვლილებებზე, როგორიცაა პრეზიდენტის არჩევის წესი და გადაუნაწილებელი მანდატების საკითხი, პლებისციტის ჩატარება უალტერნატივოა.საპარლამენტო უმრავლესობაში კი დარწმუნებულები არიან, რომ შეხვედრები უნდა გაგრძელდეს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო. ცვლილებები სულ 11 ქალაქში უნდა წარედგინათ. 15 მაისს ბოლო შეხვედრა თბილისში ჩაიშალა.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე დამატებითი განხილვების ჩატარების შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 16 მაისს გააკეთა.მისი თქმით, საჯარო განხილვა დამატებით თბილისის 10 რაიონში და საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში გაიმართება. შეხვედრები ზესტაფონში, სამტრედიაში, სიღნაღში, ხულოში, მარნეულში, ახლაქალაქში, ოზურგეთში, ფოთში, ყაზბეგსა და მესტიაში ჩატარდება.
კონსტიტუციის პროექტის განხილვა 29 მაისს თბილისში დასრულდება, რის შემდეგაც საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება.