საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი შს მინისტრს მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს. თინა ხიდაშელის მიმართვა სოციალური ქსელით გავრცელდა.
„ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტისას თქვენი უწყება უბრალოდ უუნარო აღმოჩნდა აღესრულებინა ქვეყნის კანონი, თავიდან აეცილებინა ჩვენს ქვეყანაში მკვეთრად ანტიქართული, ჩვენი ქვეყნის დეზინტეგრაციის მომხრე პოლიტიკოსის ვიზიტი და შეურაცხმყოფელი განცხადებები" , -ნათქვამია ხიდაშელის წერილში.
თავდაცვის მინისტრი „ოკუპაციის შესახებ კანონის" დარღვევის ფაქტებს პუნქტებით განმარტავს.
1. კანონი ირღვევა არა საქართველოს საზღვრის თბილისის აეროპორტში გადმოკვეთის დროს, არამედ საქართველოს საზღვრის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოკვეთის დროს;
2.დანაშაულის ფაქტის დადგენა სწორედ მასმედიით გავრცელებული ცნობებით უნდა ხდებოდეს, უნდა აღიძრას საქმე და დაიწყოს წარმოება;
3. თბილისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის მომენტში, დაკავების მიზეზი დანაშაულზე წასწრება კი არ ხდება, არამედ უკვე, მანამდე ჩადენილი დანაშაულის გამო დაკავება;
4. პასპორტში ბეჭედი არაფერს ამტკიცებს ან უარყოფს. ფოტომასალა ადგილიდან და ინტერვიუები სოხუმსა და ცხინვალში, ადასტურებს დანაშაულის ჩადენას, შესაბამისად, განსაზღვრავს თქვენს მოქმედებას.
თინა ხიდაშელი შინაგან საქმეთა მინისტრს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რამდენიმე ცნობილი ადამიანის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას აწვდის. თავდაცვის ყოფილი მინისტრი შს მინისტრს ურჩევს ყურადღება მიაქციოს ფესტივალებს, კონცერტებს, კონფერენციებს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ტარდება, რადგან მათ ხშირად სტუმრობენ რუსული სახელოვნებო ელიტის წარმომადგენლები.
„მზად ვარ მომავალშიც მოგაწოდოთ ინფორმაცია და დაგეხმაროთ თქვენი საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის" , - მიმართავს თინა ხიდაშელი შს მინისტრს.
იური ლუჟკოვი მეუღლესთან, ელენა ბატურინასთან და მეგობრებთან ერთად საქართველოში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა. მოსკოვის ყოფილი მერისთვის გაუგებარია, რატომ მოხვდა შავ სიაში. იური ლუჟკოვი საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს ურთიერთობების დალაგებისკენ, რუს ტურისტებს კი საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.