რეზონანსი
18.05.2017

 საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას 21 წლის შვილის გარდაცვალებაში საპატრულო პოლიციას ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდას პოლიციამ გორის გვირაბთან სატვირთო ავტომობილით ჩაუხერგა გზა, რომელსაც ხახუბია ხილვადობის ნაკლებობის გამო, მაღალი სიჩქარით შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.

მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში „რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა წერს. მისი თქმით, ის თავად მუშაობდა ამ უწყებაში და ინფორმაციაც მოქმედი პოლიციის თანამშრომლებისგან აქვს.

„ბექა ხახუბიას გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვა. ის არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციას და დასხლტომის მიზნით, გზა გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა. ხაშურთან ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა და ხაშურის ცენტრში გეზი ისევ თბილისისკენ აიღო.

გორის გვირაბის გასასვლელში, დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს სატვირთო მანქანა და გვირაბის გასასვლელი ჩახერგეს. დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მას მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა" , - წერს სოციალურ ქსელში ზვიად კუპრავა.

17 მაისს საქმე მთავარმა პროკურატურამ გადაიბარა. თავდაპირველად კი შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო,რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.გარდაცვლილ ბექა ხახუბიას მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×