„ნაციონალური მოძრაობა" ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის ჟენევის მოლაპარაკებებიდან მოხსნას ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ გერმანელი დიპლომატის მიერ გაკეთებული განცხადებები თავხედურია, ის არ გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას, რის გამოც მას ჟენევის მოლაპარაკებებში მანდატი დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეს.
„მას არ შეიძლება, რომ ჰქონდეს უფლებამოსილება, რომ ისაუბროს ევროკავშირის სახელით, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებებზე. ერთადერთი ადეკვატური რეაქცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არის მისი მანდატის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნა და მისი სხვა დიპლომატით ჩანაცვლება" , - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს „ევროპული საქართველოც". პარტიაში მიიჩნევენ,რომ მსგავსი ინციდენტები მთავრობის არასერიოზული დამოკიდებულების შედეგია.
„ეს არის „ქართული ოცნების" მთავრობის შედეგი, ასევე არასერიოზული დამოკიდებულების იმ მძიმე ვითარების მიმართ, რაც ჩამოყალიბდა და ღრმავდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე" , - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
გერმანელი დიპლომატი, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი, ჰერბერტ ზალბერი, გუშინ დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა. მან საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.