არასამთავრობო სექტორის ნაწილი პრეზიდენტს ხვდება. განხილვის თემა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივა და თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის შეჩერებაა.
22 არასამთავრობო ორგანიზაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს 14 მუნიციპალიტეტის, მათ შორის 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით აკრიტიკებს. ისინი პრეზიდენტს მიმართავენ, დანიშნოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების თქმით, ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა ინიციატივის განხორციელებამ მინიმუმ 2022 წლამდე გადაიწიოს.
ქვეყნის პირველმა პირმა თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით საჯარო გამოსვლაში ისაუბრა.გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უფრო ლოგიკური იქნება, თუ ხალხი და მმართველობა ერთმანეთს მჭიდროდ მიებმება.
„რატომ ვშლით თვითმმართველობას? იმიტომ, რომ ნაკლები დაგვიჯდება? არა, ბევრად მეტი დაგვიჯდება. ეს ის დილემაა, რომელსაც ჩვენ უკვე ვუპასუხეთ და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ, რომ, რაც შეიძლება, უფრო ახლოს დავაახლოოთ ხელისუფლება და ხალხი. ეს ხომ აქსიომაა. თუ სოფელში გასაყვანია გზა, იმ სოფლის მოქალაქეებს არ უნდა ჰკითხო, როგორ უნდა გაიყვანონ გზა და რომელი პუნქტიდან რომელ პუნქტამდე უნდა გაიყვანო?" , - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.