არსებობს რეალური საფრთხე, რომ ხელისუფლებამ ახალი გადასახადი დააწესოს ან არსებული გაზარდოს. როგორც ჩანს, მთავრობის ამ პოზიციას ლობირიებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც დაუფარავად მხარს უჭერს კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმებას. ბიზნესმენები და სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ქვეყანა ახალი გადასახადების დაწესებას ან ამჟამინდელის გაზრდას ვერ გადაიტანს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ფრანსუა პეშო გადასახადების შეცვლის შესაძლებლობას სასარგებლოს უწოდებს. "ჩვენ ვხედავთ მეტ მოქნილობას და სარგებელს არა იმ მხრივ, რომ გადასახადების ზრდის შესაძლებლობა იყოს, არამედ შესაძლებელი იყოს, შეიცვალოს გადასახადების სტრუქტურა.
გადასახადები, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს, ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე. ამიტომ მისი შეცვლის შესაძლებლობა მეტად სასარგებლო და მოსახერხებელი იქნებოდა. საბოლოოდ, ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია", - ამბობს ფრანსუა პეშო.
ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბიზნესი. 94-ე მუხლის ცვლილება დაუშვებლად მიაჩნია ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს. მისი თქმით, შესაძლო ცვლილებაზე საუბარიც კი გაუგონარია და ეს არც კი უნდა განიხილონ.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი მიხელ ჭელიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ თუკი გადასახადები გაიზრდება, ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანობასთან ერთად იმ ინვესტიციებსაც დაკარგავს, რომლებიც ახალი წარმოების შექმნისკენ უნდა მიიმართოს.
"ბიზნესი არ არის მომხრე, გატარდეს რამე სახის ცვლილება და გაუქმდეს 94-ე მუხლი. ის მნიშვნელოვანია დაცვის თვალსაზრისით. ვიღაცას გადასახადის გაზრდა მოუნდება და ამას სისრულეში მოიყვანს, ბიზნესი პირდაპირ რეაგირებს მსგავს ნაბიჯზე. შემიძლია იმის თქმა, რომ კარგი საგადასახადო მოდელი გვაქვს და სხვა ქვეყნებს თუ შევედრებით, კონკურენტუნარიანობით ნამდვილად გამოვირჩევით.
ამ და სხვა რიგი მიზეზების გამო შეიძლება ჩამოვიდეს ინვესტორი ჩვენთან, დაიწყოს ბიზნესი და ჩვენც თუ ისეთივე გადასახადებს დავახვედრებთ, როგორიც საკუთარ ქვეყანაში აქვს, უარს იტყვის ინვესტიციის ჩადებაზე.
არ ვარ გადასახადის გაზრდის მომხრე ან ახალი გადასახადის დაწესების მით უმეტეს. ეს არ შეიძლება ვინმესთვის მისაღები იყოს. ქვეყანა ახალი გადასახადების დაწესებას ან ამჟამინდელის გაზრდას ვერ გადაიტანს", - განუცხადა "რეზონანსს" ჭელიძემ.
"ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ 94-ე მუხლი აფერხებს ბიზნესის განვითარებას. როგორც მან "რეზონანსთან" აღნიშნა, საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნები უფრო მეტად მდიდრებიც არიან. ეკონომიკური თავისუფლების მთავარი კომპონენტი კი არის დაბალი საგადასახადო ტვირთი, დაბალი რეგულაციები და სახელმწიფოს ნაკლები ხარჯი.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია. ზედმეტი ხარჯი და გადასახადების შესაძლო ზრდა თავიდან უნდა ავიცილოთ. ვერავინ ვერაფერს დაგვაძალებს. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ასეთ აზრებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. მით უმეტეს, რომ სავალუტო ფონდს არავინ ეკითხება, ჩვენ რას გავაკეთებთ. ბიზნეს გარემო ვითარდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში შექმნილია შესაბამისი პირობები. ეს ყველა განვითარებული ქვეყნის წინაპირობაა", - განუცხადა "რეზონანსს" შეშელიძემ.
განსხვავებული მოსაზრებისაა ექსპერტთა ნაწილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებას, რომ გადასახადების შეცვლის შესაძლებლობა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, მართებულად მიიჩნევს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი. როგორც მან "რეზონანსთან" აღნიშნა, ეს ფონდის ბოლო დროის ყველაზე ნათელი იდეაა. მისი აზრით, ეს ცვლილება ბიზნესის განვითარებას ხელს არ შეუშლის.
"თუ დავაკვირდებით, ეროვნული ბანკი და ჩვენი ხელისუფლება ხშირად იშველიებენ სავალუტო ფონდს, როგორც რეკომენდატორს. ამ შემთხვევაშიც მოუსმინონ მას, რადგან ბოლო დროის ყველაზე ნათელი იდეაა 94-ე მუხლის ამოღების თაობაზე. მათ იციან, რომ არ შეიძლება კონსტიტუციაში იყოს მსგავსი ჩანაწერი. ქვეყანას რომ დასჭირდეს საპენსიო რეფორმის განხორციელება ან პროგრესული გადასახადის შემოღება, ამ მუხლის გამო ვერ მოახდენს ვერანაირ ცვლილებას.
გადასახადების გაზრდას აანონსებენ ის ბიზნესმენები, რომლებიც 94-ე მუხლის გაუქმების წინააღმდეგნი არიან. გამორიცხულია, ხელისუფლებამ გაზარდოს გადასახადი და შემდეგ არჩევნებში გაიმარჯვოს. ამ მუხლის გაუქმებით მცირე და საშუალო ბიზნესს შეიძლება შეღავათიც დაუწესდეს და მხოლოდ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს გაეზარდოთ გადასახადი. ის, რომ ღარიბი მოსახლეობა დაზარალდება, არასწორი მიდგომაა", - აცხადებს ჯანიაშვილი.