სკანდალური და არამეგობრული განცხადების ავტორი, გერმანელი დიპლომატი ჰერბერტ ზალბერი კვლავაც ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარის პოსტზე დარჩება და თან ისე, რომ მისთვის თბილისში ბოდიშის მოხდაც კი არ მოუთხოვიათ ცხინვალში ანატოლი ბიბილოვისთვის "გაპრეზიდენტების" მილოცვის გამო.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ზალბერთან შეხვედრის შემდეგ ქართულმა მხარემ მხოლოდ შეშფოთება გამოხატა. ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ მიუღებელია "თბილისის რევერანსები" და ზალბერი ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარე არ უნდა იყოს, ეს ქვეყნის თავმოყვარეობის საკითხია.
ცხინვალში სამი დღის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენელი ზალბერი გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა და მინისტრის მოადგილესთან 30-წუთიანი დახურული შეხვედრა ჰქონდა.
შეხვედრის შემდეგ სამინისტროსთან შეკრებილ ჟურნალისტებს მთავარ შეკითხვაზე, რატომ მიულოცა გერმანელმა დიპლომატმა დე ფაქტო პრეზიდენტს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება და ეს განცხადება, მინიმუმ, უკან მიაქვს თუ არა მას, პასუხი არავის გაუცია - არც ზალბერს და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს.
სამინისტროს არც ის განუმარტავს, რატომ არ მოითხოვა, მინიმუმ, განცხადების დეზავიურება (დიპლომატიური ენით, უკან წაღება) ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან.
შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა მხოლოდ ფორმალური განცხადება გააკეთა, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, არ აღიარებს ე.წ. არჩევნებს და ის, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, სრულად იზიარებს ამ პრინციპებს.
თუმცა არ აუხსნია, რატომ გააკეთა ცხინვალში ის განცხადება, რომელმაც ქართულ საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ თქვა, რომ ზალბერთან შეხვედრისას "უწყების პოზიცია და შეშფოთება გამოხატა", მას დეტალურად აუხსნა საქართველოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით. შემდეგ კი ისაუბრეს იმის თაობაზე, თუ რა ნახა ევროკავშირის წარმომადგენელმა ოკუპირებულ რეგიონებში და ასევე მოვლენათა განვითარებაზე, რომელიც მოჰყვა ცხინვალში მის შეხვედრებს.
ცნობისათვის, ზალბერი ჟენევის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად ჯერ ცხინვალში იმყოფებოდა, შემდეგ - სოხუმში და სოხუმიდან ჩამოსვლის შემდეგ მივიდა საგარეო უწყებაში ატეხილი სკანდალის გამო.
სკანდალი კი სამშაბათს ატყდა, როდესაც ოსურმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ვიდეომასალა, სადაც ცხინვალში ჩასული გერმანელი დიპლომატი ხვდება დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს და ულოცავს "არჩევნებში გამარჯვებას და მნიშვნელოვანი პოსტის დაკავებას".
ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ექსპერტებმა და ოპოზიციამ გერმანელი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება და ჟენევის ფორმატიდან გაწვევა მოითხოვეს.
საგარეო უწყების მხრიდან ამ სკანდალის "ასე გაუფერულებას" და "თბილისიდან რევერანსებს" არ ელოდნენ ექსპერტები.
"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ 2012 წელს ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ანჯი ტიშკევიჩი ერთი მცირე განცხადების გამო პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ამ პროტესტის გამო გალის შეხვედრები რამდენიმე წლით შეწყვიტეს კიდეც.
ზალბერის განცხადება კი, მისივე თქმით, ბევრად უფრო სკანდალურია და რეაგირება უნდა იყოს მკაცრი.
"ტიშკევიჩის მაშინდელ განცხადებასთან შედარებაც არ არის, რა განცხადებაც გააკეთა ახლა გერმანელმა დიპლომატმა ზალბერმა. რევერანსების დრო არ არის. ძალიან მკაცრი და მკაფიო უნდა ვიყოთ. რასაც ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ, თუ სიმართლეა, ჟენევის თანათავმჯდომარედ მისი ადგილი არ არის", - ამბობს არეშიძე.
საგარეო უწყების რეაქციაზე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ჩვენ ვნახეთ შედეგი, რომელიც მიუღებელია სახელმწიფოებრიობის განვითარებისთვის.
"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ზალბერი იმ ფორმატის თანათავმჯდომარეა, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება და მის მიერ დე ფაქტო პრეზიდენტთან ლაქუცის იგნორირება კი არ უნდა მოხდეს, არამედ რეაგირება უნდა ყოფილიყო სწრაფი და პრინციპული.
"საგარეო საქმეთა სამინისტროს სწრაფადვე ნოტა უნდა გაეგზავნა ევროკავშირისთვის ბრიუსელში, სადაც დიპლომატის ეს საქციელი აღიწერებოდა, როგორც მიუღებელი.
ექსპერტი ამბობს, რომ ან ამ დიპლომატმა ბოდიში უნდა მოიხადოს ან ჟენევის ფორმატიდან უნდა ჩამოაშორონ.
"მკაფიოდ ვნახეთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარის ლაქუცი. არის ინფორმაცია იმაზეც, რომ ადრეც იყო ასეთი მიდრეკილება ამ დიპლომატის მხრიდან. მე მგონია, რომ როგორც სახელმწიფო, საკუთარ პოზიციაზე უნდა შევჯერდეთ.
"ამ დიპლომატის ქცევის იგნორირება კი არ უნდა მოხდეს, არამედ ის ხალხი, ვინც მუდმივად სტუმრობს ჟენევას, ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს უნდა შეხვდნენ და ერთად შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
"ან ამ დიპლომატმა, თუნდაც დაგვიანებით, ბოდიში უნდა მოიხადოს ან მისი ჟენევის ფორმატიდან გაწვევა უნდა მოხდეს. ნუ დავაბეჩავებთ ჩვენს სახელმწიფოს. ეს არ არის ის თემა, მარტივად დავიბანოთ ხელები და დავივიწყოთ", - ამბობს ცისკარიშვილი.