ცხოველების ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია „ჯეო პროდუქტი", ნატურალური ხისგან დამზადებული სათამაშოების წარმოებას და ევროპაში ექსპორტს იწყებს. კომპანიის ხელმძღვანელი დავით ბარდაველიძე „ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას ამბობს, რომ სათამაშოები ევროპელ დამკვეთებს საშობაოდ და სააღდგომოდ უნდა მიაწოდონ.
სათამაშოები ძირითადად ბელორუსიიდან შემოტანილი ხის მასალისგან დამზადდება, ხოლო დამხმარე მასალები საქართველოში იწარმოება.
„გერმანულ სუპერმარკეტების ქსელ „ალდი"-სთან გვაქვს კონტაქტი, დაკვეთები არის აქსესუარებზე, ბავშვის ველოსიპედებზე. ქარხნის პოტენციალმა მოიტანა, რომ არამარტო ცხოველურ ავეჯზე დავრჩეთ, არამედ ახალი ხაზები დავამატოთ" , - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.
დავით ბარდაველიძის თქმით, მათ მიერ წარმოებული ცხოველების ავეჯით დაინტერესებულია იაპონია და ამერიკა.
„სიმძლავრეებს ვზრდით იმისთვის, რომ დავაკმაყოფლოთ მოთხოვნა. წინა წელთან შედარებით 500%-იანი ზრდა გვაქვს, წელს ველოდებით 45%-50%-იან ზრდას " , - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.