რეზონანსი
20.05.2017

 დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას, ბრალდებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნას გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. დეკანოზის ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ სახაზინო ადვოკატი იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ საქმეში არ არსებობს არც ერთი კერძო ადვოკატი.

„მეოთხე ადვოკატს რას უპირებენ? რა წესით დანიშნეს სახაზინო ადვოკატი? ადვოკატ ეკა ლომიძეს რას უპირებენ? მას რა უფლებით ჩამოართვეს საადვოკატო საქმიანობა და ეს არის თუ არა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი? ამ ყველაფერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორშაბათს გავასაჩივრებთ", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

19 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც საქმის არსებითი განხილვის ყველა სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. დეკანოზმა დარბაზის დატოვებისკენ ადვოკატებსაც მოუწოდა. სასამართლო პროცესი მამალაძის სამივე ადვოკატმა დატოვა.

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ადვოკატებმა დაარღვიეს საპროცესო კანონი და ადვოკატის ეთიკა. უფლებადამცველებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულის დაცვის გარეშე დატოვების უფლება არ ჰქონდათ. მისივე თქმით, თუ ადვოკატები მამალაძის დაცვას არ გააგრძელებენ, ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×