აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა, მეუღლესთან ერთად საუდის არაბეთში სტუმრობისას თავსაფარი არ მოიხურა. ამის შესახებ გამოცემა „დეილიმეილი" წერს. მედიის ცნობით, ის დასავლეთის ქვეყნების გავლენიანი ქალების მაგალითს მიჰყვა.
საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დროს, თავსაბურავის გაკეთებაზე უარი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ თქვეს.
კანცლერმა თავსაბურავი არც საუდის არაბეთის მეფესთან შეხვედრისას მოიხვია. აპრილის დასაწყისში, ახლო აღმოსავლეთში, სამდღიანი ოფიციალური ტურის ფარგლებში, ტერეზა მეიმაც უარი თქვა თავსაფრის გაკეთებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მრჩევლებმა მას ტრადიციული არაბული კაბის ჩაცმა და თავსაფრის მოხურვა ურჩიეს. ასევე მოიქცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე მიშელ ობამაც.
დონალდ ტრამპი საუდის არაბეთში დღეს ჩავიდა. უცხოური ტურნეს ფარგლებში, ეს მისი პირველი ვიზიტია. საუდის არაბეთის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელს, პალესტინის ავტონომიას და ვატიკანს ესტუმრება, რის შემდეგაც ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე გაემგზავრება და ბოლოს სიცილიაში „დიდი შვიდიანის" ლიდერების შეხვედრას დაესწრება.
საუდის არაბეთში კანონი ქალს თავსაბურავისა და გრძელი მოსაცმელის ტარებას ავალდებულებს. საუდის არაბეთის კანონებში არ არსებობს მუხლი, რომელიც უცხოელებს თავსაბურავის ტარებას ავალდებულებს, მაგრამ სამეფოს სტუმრები, როგორც წესი, მკაცრი მუსლიმური წესების დარღვევას თავს არიდებენ.