
„ABC News" -ის ცნობით, დემოკრატმა ელ გრინმა, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვა, განაცხადა, რომ ემუქრებიან. ამის მტკიცებულებად პოლიტიკოსმა მის ოფისში გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინებები წარმოადგინა. ერთ-ერთ შეტყობინებაში კონგრესმენს ემუქრებიან, რომ თუ ის იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს, ლინჩის წესით გაასამართებენ.
საპასუხოდ ელ გრინმა განაცხადა, რომ მას მუქარით ვერ შეაშინებენ.
„ეს მუქარა ვერ მაიძულებს უარი ვთქვა იმაზე, რაც სწორად მიმაჩნია" , - განაცხადა კონგრესმენმა.
კონგრესმენმა ტრამპის იმპიჩმენტი 17 მაისს მოითხოვა. გრინმა კონგრესის წევრებს შეახსენა, რომ ტრამპმა მოხსნა ფედერალური გამოძიების ბიუროს (FBI) უფროსი ჯეიმს კომი, რომელიც იძიებდა პრეზიდენტის რუსეთთან, იმ ქვეყანასთან კავშირებს, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა.
დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიურის ხელმძღვანელი ჯეიმს კომი დაკავებული თანამდებობიდან 10 მაისს გაათავისუფლა.