„Telegraph"-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ ბრიუსელმა ლონდონს რამდენიმე მილიარდი იმ აქციებისთვის უნდა გადაუხადოს, რომელიც ქვეყანამ ევროპის საინვესტიციო ბანკში განახორციელა.
ტერეზა მეის თქმით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან ერთად მონაწილეობს რამდენიმე დიდ ფინანსურ და საინვესტიციო პროექტში. ამიტომ, ქვეყანას, ამ პროექტებიდან თავისი წილიც ეკუთვნის.
„Telegraph"-ის ცნობით, მეიმ პირველად აღნიშნა, რომ სურს შეინარჩუნოს ბრიტანეთის წილი ევროპის საინვესტიციო ბანკში. მთავრობის მონაცემებით, ეს წილი დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შეადგენს.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მინისტრმა დევიდ დევისმა კი განაცხადა, რომ ლონდონი ევროკავშირთან Brexit-ის თაობაზე მოლაპარაკებებს შეწყვეტს, თუკი ბრიუსელი ქვეყნისგან კვლავ მოითხოვს 100 მილიარდი ევროს გადახდას.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა შესაძლოა Brexit-ის ფარგლებში დიდი ბრიტანეთს 100 მილიარდი ევროს გადახდა მოსთხოვოს იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირში ყოფნის დროს აიღო.