რეზონანსი
21.05.2017

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ, რომელიც წუხანდელი ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალდა, წნორი-ლაგოდეხის საავტომობილო გზა გადაკეტა.

ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივების თქმით, მოსავალი სეტყვამ მთლიანად გაანადგურა და ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩა, ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჯამბურიას განცხადებით, თუ აღმოჩნდება, რომ ამ სოფლის მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები სტიქიის შედეგად დაუზიანდა, გამგეობა გარკვეულწილად დაეხმარება. მისივე თქმით, ვენახის, მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების დაზიანების შესახებ, გამგეობის კომისიის დასკვნა მთავრობას გაეგზავნება და ისინი გადაწყვეტენ საკითხს დახმარების შესახებ.

წნორი-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე, სადაც ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მივიდა:

„ზარალი დაითვლება და შემდეგ გადავდგამთ ნაბიჯებს, როგორ დავეხმაროთ ",- განაცხადა მაჭარაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კი მოსახლეობას ცრუ მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რადგან სახელმწიფო მათ არანაირ ფინანსურ დახმარებას არ გაუწევს.

„არ უნდა იყოს ცრუ მოლოდინი, არ იქნება არანაირი კომპესაცია. მაშინ როცა აგროდაზღვევის ინსტრუმენტი მოქმედებს, ასეთი ერთჯერადი ჩარევები არასამართლიანია", - განაცხადა მინისტრმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×